დროა: ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ბიუროდან იყვნენ, სახლის აღწერას და ჯარიმის თანხის ასე ამოღებას აპირებენ

პუბლიკა

„დროას“ ინფორმაციით, დღეს, 26 სექტემბერს პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ და უთხრეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო ლეთოდიანის ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ამოღებას აპირებენ.  

„ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში, რამდენიმე წუთის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.

ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.

რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის!

არა რუსულ რეჟიმს! ბოლომდე!“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

ნათია ლეთოდიანის თქმით, სახლი, რომელშიც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მის ბებიას და ბაბუას ეკუთვნის.

როგორც ის ამბობს, საქმე ეხება 31 იანვარს ბათუმში, აქციაზე ზებრას გადაკვეთის გამო გამოწერილ ჯარიმას [5000 ლარი], რომელიც არ გადაიხადა, რადგან „არ ვაღიარებ არც ამ ჯარიმას და არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას“.

„დღეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი, ზაურ კაპანაძე მოვიდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც ვარ რეგისტრირებული და რომელიც მე არ მეკუთვნის. ეს არის ბაბუაჩემის და ბებიაჩემის სახლი. 

მითხრეს, რომ 31 იანვარს ბათუმში, აქციის დროს ზებრას გადაკვეთის გამო გამოწერილი ჯარიმა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გადავიხადე და არ ვაღიარებ არც ამ ჯარიმას და არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას – 2 თვის წინ დამაყადაღეს და 2 თვის შემდეგ აღსრულება მოვიდა ჩემთან რომ დაეყადაღებინა და აღეწერა ყველა ის მოძრავი ნივთი, რომელიც ამ სახლში არის. დაწყებული ტელევიზორიდან, მაგიდა, სარეცხი მანქანა, მაცივარი თუ სხვა ნივთი.

ეს არის რაღაც ახალი სტილი, ახალი ბრძანება – ეს არის ტერორის ახალი სახე რუსი ხელისუფლების მიერ მოგონილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენზე არ იმოქმედებს და ვერ შეგვაშინებენ.

მე ვთხოვე ამ ადამიანს, რომ ორშაბათამდე მოეცა დრო, რადგან კონსულტაციები უნდა გავიარო ადვოკატთან და ორშაბათს ველოდები მათ ვიზიტს, რათა აღიწეროს ყველა ნივთი, რაც ბაბუაჩემის და ბებიაჩემის სახლშია და არ ვიცი, რა ბედი ეწევა ამ ნივთებს”, – თქვა ნათია ლეთოდიანმა.