აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა

პუბლიკა

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. სენატორები ვერ შეთანხმდნენ მომავალი ფისკალური წლის დაფინანსების კანონპროექტზე.

აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში 55-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, მაშინ როდესაც, სულ მცირე, საჭირო იყო 60 ხმა.

როგორც „როიტერი“  წერს, ამან შესაძლოა, დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა სერვისი.

მათივე ცნობით, 1981 წლიდან კონგრესმა 15-ჯერ შეაჩერა მთავრობის მუშაობა. ბოლო „შათდაუნი“ 2018-2019 წლებში 35 დღე გაგრძელდა.

თეთრი სახლი მთავრობის მუშაობის შეჩერებაში, ე.წ. „შათდაუნში“ „დემოკრატებს“ ადანაშაულებს და როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკელები არ ეთანხმებიან „დემოკრატების“ ქმედებებს.

„შათდაუნი“ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ფედერალური უწყებები მუშაობას წყვეტენ, სანამ კონგრესის ორივე პალატა არ გადაწყვეტს მათი შემდგომი დაფინანსების საკითხს.

ამ პერიოდის განმავლობაში საქმიანობას განაგრძობენ მხოლოდ ის სამსახურები, რომელთა ფუნქციონირება აუცილებელია.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ მთავრობის დახურვის გამო მათი Facebook-ის გვერდი რეგულარულად არ განახლდება.

„ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.

ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში“. – წერია საელჩოს განცხადებაში.