„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული“ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს ფარსი მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის 310-დღიანი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ფორმალურად უარვყოფ ამას და განვაგრძობ ჩემი ხალხის გვერდით დგომას, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ“, – წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას ესწრებოდა ჟურნალისტებს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რომ „ის, რაც ხდება, არის პროვოკაცია“.

„აქ გადახედეთ, მთელი ეს ხალხი, რომელიც აქ დგას იმისთვის, რომ გააპროტესტოს დღევანდელი არჩევნები და გააგრძელოს ის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 310 დღე გრძელდება – აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, აქ ვინც დგას, არ სჯერა პროვოკაციების. ახლა რაც ხდება იქითკენ, ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ დღეს რაც ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ეს ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვრებიან. მე აქ ვიქნები ხვალ და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც, რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებით დღეს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე მოარღვიეს და ეზოში შეიჭრნენ.  ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.  დემონსტრანტებმა ათონელზე პრეზიდენტის სასახლესთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შესაბამისი მოწოდება მურთაზ ზოდელავამ თავისუფლების მოედანზე გააკეთა.