„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის წესი შეცვალა.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს და საბოლოოდ დღეს, 16 ოქტომბერს მიიღეს.
შეიცვალა 2025 წლის 3 სექტემბერს მიღებული წესი, რომლითაც განსაზღვრული იყო, რომ მძიმე ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულს ქვეყნის დატოვება 16 წლით აეკრძალებოდა.
დღეს მიღებულ კანონში ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა კონკრეტული ვადით აღარ განისაზღვრება.
აკრძალვის მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაიხდის თუ არა მსჯავრდებული კომპენსაციას და დაზარალებული განაცხადებს თუ არა უარს კომპენსაციის მიღებაზე.
კონკრეტულად:
მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება, თუ ერთდროულად იარსებებს შემდეგი საფუძვლები:
– ცნობილია დამნაშავედ შემდეგ ფინანსურ დანაშაულებში:
- თაღლითობა – დიდი ოდენობით
- გამოძალვა – დიდი ოდენობით
- მითვისება ან გაფლანგვა – დიდი ოდენობით
- ქონებრივი დაზიანება მოტყუებით – დიდი ოდენობით
- ნივთის დაზიანება ან განადგურება, თუ ზარალი აღემატება 10 000 ლარს
- ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით თუ ზარალი აღემატება 10 000 ლარს
- ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით – დიდი ოდენობით
- უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება
- გულგრილობა
- კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით – რამაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია
– თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა ან სტატუსის მქონე პირია
– თუ დაზარალებული წერილობით არ აცხადებს უარს მსჯავრდებულისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაზე
შემოთავაზებული ცვლილებით, მსჯვარდებულს ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა გაუუქმდება, თუ გადაიხდის კომპენსაციას ან დაზარალებული წერილობით განაცხადებს უარს კომპენსაციის მიღებაზე.
„თუ ეს პირობები არსებობს, შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, მსჯავრდებულს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად, შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით.
…საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმების საფუძველი იქნება არა კონკრეტული ვადა, რომლის გასვლასაც უკავშირდება დღეს არსებული ნორმა (16 წელი), არამედ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმისა, რომ მსჯავრდებულმა ზიანი აანაზღაურა ან მეორე – როდესაც დაზარალებული უარს განაცხადებს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე, – თქვა კანონპროექტის წარმდგენმა თორნიკე ჭეიშვილმა.