ამოღებულია $7 მილიონზე მეტი, 198 ძვირფასი ნაკეთობა და საათი... - სუსი ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვების სახლში ჩხრეკაზე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუსში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში. ღონისძიებები ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

ემზარ გაგნიძის თქმით, გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრეა ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების სახლები.

ამოღებულია 7  002 200 აშშ დოლარი, 136 000 ლარი, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა.

სუსის ცნობით, მიმდინარეობს დოკუმენტაციასა და ელმოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და ფულის წარმომავლობის დადგენა.

ემზარ გაგნიძის თქმით, ამის შემდეგ მოხდება შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადეს სუსში.