გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს შეწყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც ფულის მითვისების საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმასთან და მოადგილესთან ერთად დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა.
აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს თუ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა თქვა:
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მე მაქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობაზე… ვოვას ინტერესებიდან და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით ვერაფერს“, – განაცხადა მან.
IPN-ს ცნობით კი ღუდუშაურის გათავისუფლება მათ ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა დაუდასტურა. სააგენტო წერს, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. უცნობია, რა გახდა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს პატიმრობა 29 ივლისს შეეფარდათ. ამავე საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძეც, რომელსაც პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა.
პროკურატურის ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, მისმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის მრტ-ს აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, არალეგალური გარიგებებით გაიზარდა აპარატის ღირებულება და სამინისტრომ 1 333 728 ლარი იზარალა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.