4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 14 პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პუბლიკა

4 ოქტომბრის აქციის თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 18 ოქტომბერს, 15 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 14 დაკავებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა, მარიამ მეყანწიშვილს კი 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

საქმე ორ ჯგუფად განიხილეს.

თავდაპირველად სასამართლომ მარიამ მეყანწიშვილის, გიორგი ტალახაძის, იური ლომიძის, დავით გიუნაშვილისა და თემურ ქურციკიძის საქმეებზე იმსჯელა.

მარიამ მეყანწიშვილის მიმართ პროკურორმა საპატიმრო გირაოს გამოყენება იშუამდგომლა. დანარჩენი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე საუბრისას პროკურორი პატიმრობის გამოყენების ფორმალურ საფუძვლებზე – მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე მიუთითებდა.

ადვოკატები, ძირითადად, ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ალტერნატივად კი სასამართლოს სხვადასხვა მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას სთავაზობდნენ.

პროკურატურა იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს და დავით გიუნაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, თემურ ქურციკიძეს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.

მეორე ჯგუფში ლელა კალიჩენკომ 10 ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა.

ესენი არიან: დათო ღურწკაია, ჯანდრი თირქია, მამა-შვილი გია და მიხეილ თოლორაია, გური ჟვანია, სიმონ მახარაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი, გენადი კელიხაშვილo, რამაზ ჯორბენაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ნაწილს კი ბრალი დამატებით წარდგენილი აქვს შემდეგი მუხლით – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.

პროკურატურა 10-ივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდების მხარის პოზიციით, სხვა უფრო ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებას შემაკავებელი ეფექტი ვერ ექნება.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა პროკურატურას. მათი თქმით, არ არსებობს ბრალდების მიერ გაჟღერებული არცერთი საფუძველი – არც ახალი დანაშაულის ჩადენის, არც მტკიცებილებათა განადგურებისა და არც მიმალვის საფრთხე. ნაწილმა მათგანმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებების სახით გირაოს გამოყენება შესთავაზეს.

დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი შაიშმელაშვილს.

პროკურატურა შაიშმელაშვილს სახელმწიფო დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას ედავება.