„პარლამენტს არც არაფერი მოემატება და არც მოაკლდება მათი აქ ყოფნით“ - პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე

პუბლიკა

„საქართველოს პარლამენტს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, მათი აქ ყოფნით ან არ ყოფნით“, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელსაც შეკითხვა დაუსვეს გახარიას პარტიის წევრების მიერ პარლამენტში მუშაობის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით.

სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭომ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო და „აღიარებენ, რომ ბოიკოტმა ვერ იმუშავა“. „პუბლიკამ “ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრესსამსახურთან დაკავშირება სცადა, თუმცა ვერ დაუკავშირდა.

„უცხოეთიდან ნაკარნახევი გეგმა იყო, რომ პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს მანდატი უარი ეთქვათ მანდატზე, ჩაახსნევინეს ეს მანდატები და რაც მიიღეს საბოლოო ჯამში იმ პარტიებმა, ნახეს რომ შეუმცირდათ მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში… გახარიას პარტიას რაც შეეხება, მათ მანდატები შეინარჩუნეს, შემოსვლას რაც შეეხება, შემოსულები არიან – 12 წევრი პარლამენტის წევრად ითვლება, ისინი აცდენენ საპარლამენტო სხდომებს. ასე რომ, ამ გაცდენებს თუ შეწყვეტენ, მათი გადასაწყვეტია… საქართველოს პარლამენტს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, მათი აქ ყოფნით ან არ ყოფნით, თუმცა საინტერესო იქნება, ვფიქრობ, მათი აქ ყოფნა, იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შევძლებთ მოვისმინოთ უცხოეთიდან მესიჯები. ჩათვალეთ, რომ, რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან ეს არის, რაც გარედან დავალება მოდის“, – უთხრა ჟურნალისტებს  შალვა პაპუაშვილმა.

2 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა  „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის გამოკლებულ წევრთა ადგილმონაცვლეების მანდატები ცნო.

საგაზაფხულო სესიის დახურვამდე „არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის“ საბაბით უფლებამოსილება გახარიას პარტიის 12 დეპუტატს შეუწყდა.

„გახარია-საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავს.

წესისამებრ, როცა საარჩევნო სია გაუქმებული არ არის, გამოკლებული წევრის ადგილი სიის რიგითობის მიხედვით ივსება.

12 ადგილმონაცვლის სია ასეთია:

  1. გელა აბულაძე
  2. ჯემალ ანანიძე
  3. ქეთევან ბაკარაძე
  4. რუსუდან თევზაძე
  5. მალხაზ თორია
  6. შალვა კერესელიძე
  7. სალომე კობალაძე
  8. გიგა ფარულავა
  9. ვიკა ფილფანი
  10. გიორგი შარაშიძე
  11. თამარ ხვედელიანი
  12. სოფო ხორგუანი