საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება „ხაზს უსვამს საქართველოში რეპრესიების სულ უფრო მწვავე ტენდენციას“.
„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ გარკვეული შეზღუდვები საპროტესტო აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის, ახალი ცვლილებები სცდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს.
მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს უხერხულობა – ეს არ ამართლებს დარბევას ან დაპატიმრებას…
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმება დაშინებისა და დასჯის გზით. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომლებიც დაკავებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელების გამო“, – აცხადებს კრივოშეევი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბრის დილიდან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო – მათ ნაწილს შსს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება, ნაწილს – აქციაზე სახის დაფარვას.
დაკავებულთა უმრავლესობას სასამართლომ უკვე შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 ოქტომბერს საბოლოოდ მიიღო სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის ფორმები ეზღუდებათ.
ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებს, ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი – დაისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
- ორგანიზატორის მიერ ჩადენილი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია – დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.