გიორგი გახარიას პარტიის წევრები „ქართული ოცნების” პარლამენტში მივიდნენ და პირველად დაესწრნენ პლენარულ სხდომას.
გიორგი შარაშიძემ პოლიტიკური განცხადების პროცედურით ისარგებლა და თქვა:
„ოცნებას“, რომელსაც მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულისა და ძალადობის გამო მართლაც ჰქონდა ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი, საშუალება მიეცა, დრო მოეგო და ხალხი მშვიდობიანი დამხობის, როგორც არსებული მწვავე რეალობის კიდევ უფრო მწვავე ალტერნატივით დაეშინებინა.
სწორედ ამ შიშის ფაქტორით მოახერხეთ, ეტაპობრივად დაგებრუნებინათ დაკარგული ამომრჩეველი და რა თქმა უნდა 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო სპეცოპერაციის შემდეგ, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ, ერთგვარად გაგჩენოდათ დამატებითი საფუძველი, დაგეძლიათ ლეგიტიმაციის კრიზისი.
დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის გარეშე, ამ რადიკალიზაციის ხელოვნურად წახალისების გარეშე თქვენ ამას ვერ შეძლებდით.
4 ოქტომბრის პროვოკაციის მძიმე შედეგებზე, რამაც ქვეყანა დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, პასუხისმგებლობას ვერც თქვენ გაექცევით, როგორც მინიმუმ, შეგეძლოთ და არ აღკვეთეთ ეს პროვოკაცია და სახელმწიფო ასეთ რისკში შეიყვანეთ […].
სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით და იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან ერთი წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე, მზად ვართ, მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც არავის არ ეკუთვნის არც თქვენ, არც სხვა პარტიას, ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტული რეჟიმის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა, იმ რეჟიმის პირისპირ, რომლის კანონებითაც ჯერ იმართება ქვეყანა და რომლითაც უამრავი ადამიანია დაჭერილი”. – თქვა მან.
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ვიკა ფილფანმა კი „ქართულ ოცნებას” იმის გამო უსაყვედურა, რომ „ვერ შეასრულეს დაპირება – „ნაციონალური მოძრაობის” დასრულება”, ახლა კი „ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს ქვეყანაში არსებულ ყველა სოციალურ პრობლემაზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ისევ ნაცებზე საუბრით ირიდებს”.
„ახლა აპირებთ ნაცების აკრძალვას, კოლექტიურ ნაცებად მოიხსენიებთ მათაც, ვინც ნაცებისგან იდევნებოდა, თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები, ვინც 2016 წელსაც ნაცების შემომწირველი იყო ან მათი მაჟორიტარობის კანდიდატი. ვისი სასამართლოთი აპირებთ ნაცების აკრძალვას, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის? ვის გადაუგზავნეთ აკრძალვის სარჩელი, ნაცების მოსამართლე ჩინჩალაძეს? ესაა თქვენი 13-წლიანი „ნაცებთან ბრძოლის” ანატომია. თქვენ ნაცებს კი არ ასრულებთ, ნაცებით აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, იქამდე სანამ მათი მტრის ხატი იმუშავებს. […]“, – თქვა ფილფანმა.
პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის” ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში შესვლის შესახებ 20 ოქტომბერს განაცხადა.
პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, ბოიკოტის ფორმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია“.