ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის გეგმა გადასცა

პუბლიკა

ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის გეგმა გადასცა, რითაც სომხეთს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შეექმნება.

ეს ნაბიჯი მოჰყვა 2024 წლის სექტემბერში ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარალებების დაწყებას.

„გეგმა მოიცავს სხვადასხვა საკითხს – უსაფრთხოებიდან ადამიანის უფლებებამდე – მიზნებს, რომლებსაც ქვეყანამ მომდევნო წლებში უნდა მიაღწიოს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.

ამის საპასუხოდ სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარქისიანმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან სომხეთი ევროკავშირში გაწევრებისკენ ხელშესახებ ნაბიჯს დგამს.

სარქისიანის თქმით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ ზომებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ მოქალაქეებზე, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში კი ისინი შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას.