მთავრობის ადმინისტრაციას შეეძლება, გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია - კანონპროექტი

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომ გამოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, თანამდებობის პირების, სსიპ-ების, სახელმწიფო საწარმოების, ა(ა)იპ-ების ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. 

პროექტის მიხედვით, ეს ინფორმაცია აუცილებელია გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად.

ცვლილებები შედის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის წესის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებსა და „საგადასახადო კოდექსში“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაცია ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, რისთვისაც შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ფუნქციებს შორისაა რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება, ანალიზი, მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურები, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობის, ეფექტიანობისა და გამჭირვალობის შეფასება, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, აუცილებელია, ეფექტიანობის დეპარტამენტს მიენიჭოს მონაცემთა გამოთხოვის უფლებამოსილება, რადგან რისკების გამოვლენა და შეფასება მხოლოდ ზედაპირული ან საჯარო მონაცემებით შესაძლებელი არაა.

„სამუშაო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა პერსონალური და სხვა ტიპის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს ობიექტური და რეალური სურათის დასანახად.

ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილება გაზრდის ანალიზის ხარისხს, რითაც დეპარტამენტს მიეცემა შესაძლებლობა გამოსცეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები, ანგარიშები და წინადადებები. მაგალითისთვის, ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხარჯვითი ნაწილი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებათა ჯამმა შეადგინა 36,94 მილიარდი ლარი. მხოლოდ 2024 წლის მონაცემებით, განხორციელდა 8,14 მილიარდი ლარის საქონლის, მომსახურების და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა. ხსენებული უფლებამოსილება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დასახული მიზნების მიღწევას.

შესაბამისად, აუცილებლია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაციის ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა, იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც საჭიროა კონტროლის ხელშეწყობის განხორცილების პროცესში და რაც აუცილებელი იქნება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით უკვე მიიღეს, საბოლოო მოსმენით მას დღესვე, 12 ნოემბერს მიიღებენ.