გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების უმაღლესმა სააპელაციო ორგანომ – ლონდონის სასამართლოს Privy Council-მა ძალაში დატოვა ბერმუდის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც UBS/Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის გადახდა ეკისრება.
ეს გადაწყვეტილება ბანკმა 2024 წელს გაასაჩივრა, დღეს კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საქმე ეხება ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმეს, რომელიც 2018 წელს თაღლითური სქემისთვის გასამართლდა – საქმის მიხედვით, ის ივანიშვილის ანგარიშებიდან წლების განმავლობაში იპარავდა თანხებს.
Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილითან მრავალწლიანი დავა 2024 წელსაც წააგო – სინგაპურის სასამართლოში. სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $742.7 მილიონის გადახდა დააკისრა. მალევე სასამართლომ ბანკს ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხის რაოდენობა 282 მილიონი აშშ დოლარით – 461 მილიონი აშშ დოლარამდე შეუმცირა.
2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს აშშ-ის შესაბამისი ნებართვის გარეშე შეზღუდული აქვს სინგაპურში მოგებული დავიდან კომპენსაციის – 461 მილიონი აშშ დოლარის მიღება, თუმცა არაფერია ნათქვამი ბერმუდაზე.
ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ 20 ნოემბერს თქვა, რომ კიდევ ერთმა შვეიცარიულმა ბანკმა, Julius Baer-მა გააჩერა ივანიშვილის აქტივი და თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. წიქვაძის თქმით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის ანგარიშები დაყადაღებულია.