„მე ვარ გამზრდელი, გავზარდე სიმწრით და ა, მოხდა აგერ. მე მაგას ვერ დავხვდები შვილო, მე 4 და 6 წელი არ ვიქნები ცოცხალი. რა მაცოცხლებს კიბოიან ქალს, პატრონი რომ არ მყავს…
ჩემისთანას შეიცოდებენ ალბათ, შეუმცირებენ ცოტათი. არ შეუმცირებენ?
ხომ არიან ადამიანები, ხომ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, ნათესავები და მემგონი, რავიცი, თუ შეეცოდებიან, შეეცოდებიან, თუ არადა, თუ განწირულია… მეც შევწირავ საქართველოს ერთ შვილიშვილს, თუ ასეა საქმე, რა ვქნა…“
27 წლის საბა კორძაია 4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებული 65 პირიდან ერთ-ერთია. ის 9 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საბა კორძაიას ადვოკატის, გვანცა ჯოჯუას თქმით, საბა ბრალს არ აღიარებს და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სადავოდ ხდის.
„პუბლიკა“ საბა კორძაიას გამზრდელ ბებიას სენაკში, სოფელ შხეფში შეხვდა.