ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტმა შეშფოთება გამოუცხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს 2024 წლის ბოლოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო ფაქტების გამოძიების ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო.
კომისარი გვარაკიძისთვის გაგზავნილ წერილში გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
მაიკლ ო’ფლაერტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენებიც კი დადგა, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია.
კომისარი საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნებზე, რომლებშიც აღწერილია მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალი ბრალდება, მათ შორის, წამებისა და ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ ცნობები.
კომისარი ხაზს უსვამს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს ძალის გამოყენების კანონიერებასთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ოფიციალური აღიარება, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული.
მაიკლ ო’ფლაერტი წერილში ასევე მიუთითებს, რომ 2025 წლის იანვარში თბილისში ვიზიტის დროს შს მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება არ გაურევიათ.
„2025 წლის იანვარში, როცა საქართველოში იმყოფებოდა, შს მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში არანაირი ქიმიური გამაღიზიანებელი შერეული არ ყოფილა. მას შემდეგ არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, შს მინისტრის მოადგილემ და სუსის უფროსის მოადგილემ, ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ლაპარაკისას დაადასტურეს, რომ ქიმიური ნივთიერებები შერეული იყო წყალში, თუმცა, თქვეს, რომ ეს არ ყოფილა ქიმიური ნივთიერება, რომელიც ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა.
აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლის გამოყენება უნდა იყოს პროკურატურის გამოძიების საგანი, ვინაიდან ის აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს კანონიერების, აუცილებლობის და პროპორციულობის შესახებ“. – წერს მაიკლ ო’ფლაერტი წერილში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოზე პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, კომისარი მოუწოდებს სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისკენ, მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და მოითხოვს განახლებულ ინფორმაციას მიღებული ზომების შესახებ.