ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ნაყოფიერი შეხვედრის შედეგად გრენლანდიასა და მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო ჩამოყალიბდა.
მისივე თქმით, გადაწყვიტა, არ დააწესოს ტარიფები, რომლებიც პირველ თებერვალს უნდა ამოქმედებულიყო.
„ამ შეთანხმების საფუძველზე მე არ დავაწესებ იმ ტარიფებს, რომლებიც ძალაში უნდა შესულიყო 1 თებერვალს. მიმდინარეობს დამატებითი დისკუსიები „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით, რაც გრენლანდიას ეხება. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მარკ რუტესთან შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. დონალდ ტრამპის სიტყვა, დაახლოებით, 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. მან ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის დიდი დრო დაუთმო გრენლანდიას.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უდიდეს პატივისცემითაა როგორც გრენლანდიის, ისე დანიის ხალხის მიმართ, მაგრამ „ნატოს თითოეულ მოკავშირეს ევალება საკუთარი ტერიტორიის დაცვა. ფაქტია, რომ შეერთებული შტატების გარდა, არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ შეუძლია გრენლანდიის დაცვა“.
დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ გრენლანდია აშშ-სთვის არა იშვიათი მინერალების, არამედ მისი მდებარეობის გამოა მნიშვნელოვანი.
„გრენლანდია უზარმაზარი, თითქმის მთლიანად დაუსახლებელი და განუვითარებელი ტერიტორიაა, რომელიც დაუცველად მდებარეობს აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას. სწორედ აქ მდებარეობს. ზუსტად შუაში…
ყველა მინერალებზე საუბრობს, მაგრამ იმ იშვიათ მინერალებამდე რომ მიაღწიო, ასობით ფუტი ყინული უნდა გაჭრა.
ეს უზარმაზარი, დაუცველი კუნძული სინამდვილეში ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია დასავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილოეთ კიდეზე. ეს ჩვენი ტერიტორიაა“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა გრენლადიის ყიდვაზეც და აღნიშნა, რომ ტერიტორიის ყიდვაში ცუდი არაფერია და მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყება სურს.
მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ გრენლანდიის ყიდვა საფრთხეს არ შეუქმნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
„ეს დიდად გაზრდის ალიანსის უსაფრთხოებას. აშშ-ს NATO ძალიან უსამართლოდ ექცევა, მინდა გითხრათ. თუ დაფიქრდებით, საკამათო არ არის. ჩვენ ამდენი გავიღეთ და სანაცვლოდ ასე ცოტა მივიღეთ“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა გრენლანდიის ძალით დასაკუთრებაზეც და თქვა, რომ „ძალის გამოყენება არ სჭირდება“. ტრამპი ფიქრობს, რომ გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატების მფლობელობაში უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად ტერიტორიას ვერ დაიცავენ.
„ადამიანებს ეგონათ, ძალას გამოვიყენებდი, მაგრამ არ მჭირდება ძალის გამოყენება. არ მინდა ძალის გამოყენება. არ გამოვიყენებ ძალას.
ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი სახელად გრენლანდია, რომელიც აშშ-მა პატივისცემით დაუბრუნა დანიას, არც ისე დიდი ხნის წინ – როცა მეორე მსოფლიო ომში გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები დავამარცხეთ…
ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის გრენლანდიის მიღება – სწორი სახელითა და მფლობელობით, ვინაიდან, რომ დაიცვა, საჭიროა, ფლობდე მას. იჯარით მისი დაცვა შეუძლებელია.
ერთი – ამ გზით კანონიერად ვერ დაიცავ და მეორე: ფსიქოლოგიურად, ვინ ჯანდაბას მოუნდება ლიცენზიის ან იჯარის შეთანხმებით ყინულის დიდი ნაჭრის დაცვა, რომელიც ოკეანის შუაგულშია, სადაც, ომი რომ იყოს, მოქმედებათა დიდი ნაწილი ყინულის ამ ნაჭერზე წარიმართება. დაფიქრდით ამაზე. ის რაკეტები პირდაპირ ყინულის ამ ნაჭრის თავზე იფრენენ.
დანიისგან ვითხოვთ ამ მიწას, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ძალიან ენერგიული და საშიში პოტენციური მტრების ყურეში შესაკავებლად. ჩვენ მხოლოდ ამ მიწას ვითხოვთ, რომელზეც ავაგებთ „ოქროს გუმბათს“, რომელიც თავისთავად დაიცავს კანადასაც“, – აღნიშნა ტრამპმა.
რამდენიმე თვეა, აშშ პრეტენზიას აცხადებს გრენლანდიაზე, რომელიც დანიის სამეფოს შემადგენლობაშია. დანია და ევროკავშირი აშშ-სთვის გრენლანდიის გადაცემას ეწინააღმდეგებიან.
დონალდ ტრამპი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამატებითი ტარიფების დაწესებით რამდენჯერმე დაემუქრა. პასუხად ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ გრენლანდიაზე სიმბოლური რაოდენობის სამხედრო კონტინგენტი განათავსა.