პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტმა კანდიდატმა ანტონიუ ჟოზე სეგურუმ ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურა დაამარცხა.
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტმა კანდიდატმა ანტონიუ ჟოზე სეგურუმ ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურა დამაჯერებლად დაამარცხა. თუმცა, თავის მხრივ, ვენტურამ მაინც მოახერხა, მიეღო ხმების რეკორდული რაოდენობა – 33.2%, რაც 1.7 მილიონი ადამიანია.
არჩევნებში, რომელიც დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ჩატარდა, სეგურუმ ხმების 66.8% მიიღო. რამდენიმე კვირის წინ პორტუგალიას ციკლონმა „ლეონარდომ“ გადაუარა. დაიღუპა, სულ მცირე, 14 ადამიანი. 100 000-მდე ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ანდრე ვენტურა ამის გამო არჩევნების გადადებასაც მოითხოვდა, თუმცა, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მრავალი პარტია გაერთიანდა, რათა ვენტურას და მისი ულტრამემარჯვენე პარტია „შეგას“ გამარჯვება არ დაეშვათ. მათ შორის, სეგურუს მხარი დაუჭირა ზოგიერთმა მემარჯვენე პოლიტიკოსმაც.
„პორტუგალიელი ხალხის ერთგულება თავისუფლების, დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ, ბუნებრივია, მაღელვებს და სიამაყით მავსებს“, – განაცხადა მან.
ანდრე ვენტურამ, რომელიც ყოფილი საფეხბურთო მიმომხილველი და ავტორი, სემინარიის სტუდენტი და ნოველისტია, „შეგა“ შვიდი წლის წინ დააარსა. ვენტურას თქმით, „შეგა“ ახლა მთავარი მემარჯვენე პარტიაა და მალე პორტუგალიის ხელისუფლებაშიც მოვა“. მანამდე მან „მთელი პოლიტიკური სისტემა დაადანაშაულა „მის წინააღმდეგ გაერთიანებაში“.
ვენტურას ანტისაიმიგრაციო საარჩევნო კამპანია ჰქონდა.
სეგურუს გამარჯვება უკვე მიულოცეს ევროპელმა ლიდერებმა.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის თავის ახალ პორტუგალიელ კოლეგასთან მუშაობას „ისეთი ევროპისთვის, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს და არის უფრო კონკურენტუნარიანი, სუვერენული და ძლიერი“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პორტუგალიის მოქალაქეების მიერ არჩევნებში მონაწილეობა „შტორმებით გამოწვეული ნგრევის პირობებში, საოცარ დემოკრატიულ მდგრადობაზე მეტყველებს“.
„პორტუგალიის ხმა ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების დაცვაში კვლავაც ძლიერი რჩება“, – დასძინა ურუსლა ფონ დერ ლაიენმა.
პორტუგალია საპარლამენტო დემოკრატიაა, შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტი მეტწილად სიმბოლურია. თუმცა, ის ფლობს ზოგიერთ მნიშვნელოვან ბერკეტს, მათ შორის პარლამენტის დათხოვნის უფლებას გარკვეულ გარემოებებში. ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურა აცხადებდა, რომ იქნებოდა უფრო „ინტერვენციონისტი“ პრეზიდენტი და მხარს უჭერდა სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილების გაზრდას.
ანტონიუ ჟოზე სეგურუ ევროპარლამენტის ყოფილი წევრია. მოგვიანებით ის იყო პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ახლა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მარჯვენა ხელი. სოციალისტური პარტიის ლიდერად ის 2011 წელს, ფინანსური კრიზისის დროს, ჟოზე სოკრატეჟის გადადგომის შემდეგ დაინიშნა, თუმცა, 2014 წელს მისი პოლიტიკური კარიერა შეჩერდა, როცა პარტიის ლიდერობისთვის შიდა ბრძოლაში ლისაბონის მაშინდელ მერთან, ახლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან დამარცხდა.
კოშტა 2015 წელს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი გახდა, ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი – 2023 წელს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. სეგურუ კი პოლიტიკურ სცენას გასულ წლამდე ჩამოშორებული იყო.