14 თებერვლის დებატები დასრულდა რეფორმის კონცეფციის ავტორების მიერ იმის აღიარებით, რომ რეფორმაში გარკვეული ხარვეზებია და ისინი მზად არიან გამოასწორონ ეს ხარვეზები განათლებისა და აკადემიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე.
დებატების ლიმიტირებულ დროში შეუძლებელი იყო ყველა ხარვეზის მოცვა, ამიტომ, მთელი რიგი სხვა ხარვეზების დასასაბუთებლად, მოცემულ დოკუმენტში წარმოდგენილია რეფორმის შესაბამისი კონტრარგუმენტები.
გამომდინარე იქიდან, რომ კონცეფციის სამგვერდიანი დოკუმენტი და მსჯელობა აგებულია 7 გამოწვევაზე, მოცემული დოკუმენტიც სტრუქტურით სწორედ ამ შვიდ გამოწვევას მიყვება. ამისთვის, ჩავატარეთ კონცეფციის დოკუმენტის თემატური ანალიზი.
გამოწვევა N1. უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია.
აქ კონცეფციის დოკუმენტიდან შესაძლოა გამოიყოს სამი თემა:
– განათლების სისტემის ამჟამინდელი ვითარება (ქვეყანაში სტუდენტების 85% იღებს უმაღლეს განათლებას დედაქალაქში) ხელს უწყობს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის მიგრაციას რეგიონიდან დედაქალქში.
– რეგიონის უნივერსიტეტები, და ასევე სასულიერო სემინარიები და სპორტული და სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლები საჭიროებენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
– დედაქალქიდან სტუდენტების რეგიონებში დაბრუნების საშუალებად კონცეფცია სახავს თბილისიდან საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის (ნაწილობრივ?) გატანას რუსთავში, და რუსთავსა და ქუთაისში უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; ასევე, სასულიერო სემინარიების, სპორტული და სახელოვნებო სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.
კონტრარგუმენტები:
1.1. იმისთვის, რომ ახალგაზრდობა დამაგრდეს რეგიონში, თბილისში სამი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტიდან ერთ-ერთის გაუქმება (მისი პროგრამების 92%-ის გაუქმება) შეუსაბამო მეთოდია, რადგანაც:
1.2. იმისთვის, რათა ახალგაზრდობა დამაგრდეს რეგიონებში, რეგიონებში უნდა იყოს ახალგაზრდების ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა. ეს განათლების რეფორმით ვერ მიიღწევა. ამას სჭირდება რეგიონული განვითარების რეფორმა. კერძოდ:
1.3. რეგიონებში რეალური თვითმმართველობის განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, სამუშაო ადგილების შექმნა, საბაზო ინფრასტრუქტურის განვითარება (რომელიც ზოგიერთ რეგიონში სრულიად არ არსებობს); ასევე – ახალგაზრდებისთვის განმავითარებელი და გართობის სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.
1.4. ყველაფერი ზემოჩამოთვლილი საჭიროებს ამ ეტაპზე რეგიონული განვითარების რეფორმას, რადგანაც ახალგაზრდების ჭარბი კონცენტრაცია დედაქალაქში არის პრობლემის მხოლოდ სიმპტომი. პრობლემის ფესვები კი რეგიონებში გაუსაძლისი ცხოვრების დონეა, რომლის გაუმჯობესება რეგიონული განვითარების სტრატეგიას და რეგიონული პოლიტიკის რეფორმას გულისხმობს.
1.5. ანალოგიად, მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ქვეყნის გარეთ შრომითი მიგრაციის პრობლემა: თუ ქვეყანაში ვიმუშავებთ სიღარიბის აღმოფხვრაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, სოციალური დაცვის სისტემის განვითრაებაზე, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების შექმნაზე – ამით არა თუ შევამცირებთ მიგრაციას, არამედ ბევრი გაწვალებული მიგრანტი სახლში დაბრუნდება და ბედნიერად იცხოვრებს თავის ოჯახში. აქ არც რეგიონებია გამონაკლისი. ხალხი და ახალგაზრდები გარბიან იქიდან, სადაც მათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობები არ აქვთ.
1.6. ბოლო არგუმენტი პირველ გამოწვევაზე: თუ განათლების ხარისხზე ვზრუნვათ, გაუგებარია, თუ რატომ უნდა მოვახდინოთ ქვეყანაში სამი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტიდან ერთ-ერთის ლიკვიდაცია იმისთვის, რომ წარუმატებული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. უფრო გონივრული, პრაქტიკული და პრაგმატული იქნება, შევინარჩუნოთ რაც გვაქვს წარმატებული და მაღალი ხარისხის, და მოვახდინოთ სუსტებში ფინანსური და სხვა რესურსების ინვესტირება, ქვეყნის ბიუჯეტის გონივრული გადანაწილების ხარჯზე.
გამოწვევა N2. რესურების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანასწორობა.
ანალიზისას აქ გამოიყოფა შემდეგი თემები:
- ქვეყანაში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია, გასცემენ ერთნაირი ძალის დიმპლომებს, მაგრამ მათი განათლების ხარისხი არათანაბარია და საჭიროებს გათანაბრებას (კარგად ნაცნობი საბჭოთა ტერმინი – «уровниловка»).
- რამდენიმე უნივერისტეტში დუბლირდება ფაკულტეტები, რაც რეფორმის ავტორების მიერ განიხილება, როგორც რესურსების არაოპტიმალური და არათანაბარი გამოყენება. ამვე მიზეზით, რეფორმის ავტორების აზრით, არც ერთი უნივერსიტეტი არ არის აღჭურვილი საკმარისად კვალიფიცირებული კადრებით.
- იმას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ყავთ უცხოელი სტუდენტები, რეფორმის ავტორები განიხილავენ, როგორც ბიზნესის კეთებას. მათი აზრით, ეს ხელს უშლის სახელმწიფო უნივერსიტეტებს სახელმწიფო ამოცანების განხორციელებაში.
- სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარ ამოცანად რეფორმის ავტორები სახელმწიფო ამოცანების შესრულებასა და სამუშაო ბაზრისთვის სტუდენტების მომზადებას მიიჩნევენ.
- რამდენადაც უცხოელი სტუდენტების ყოლას განიხილავენ, როგორც მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესს, მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ „კერძო სექტორმა“, ანუ – კერძო უნივერსიტეტბმა უნდა აკეთონ.
კონტრარგუმენტები:
2.1. თუ ამოცანად ვისახავთ ქვეყანაში არსებული 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტის ხარისხის ამაღლებას, გაუგებარია, თუ როგორ უნდა აამაღლოს სახელმწიფო უნივერსიტეტბის მუშაობის ხარისხი ქვეყანაში სამი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტიდან ერთ-ერთის 92%-ით გაუქმებამ.
2.2. ზემომოყვანილი არგუმენტი ლოგიკას არ ექვემდებარება – ანუ, რეფორმის ავტორების გამოთქმა რომ გამოვიყენოთ – „ნული არგუმენტი“-ა. ინგლისური გამოთქმა რომ გამოვიყენოთ კი – „mission impossible“ – განუხორციელებადი მისია: როგორ გავაუმჯობესებთ ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის სტანდარტს ხარისხის მაღალი სტანდარტის მქონე უნიევრსიტეტის გაუქმებით?
2.3. თუ კონცეფცია 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას გეგმავს, ეს მოითხოვს მუშაობის შესაბამის ფორმატს:
ა. აკრედიტაციის პროცესის დახევწა,
ბ. საკადრო მომზადების (კვალიფიკაციის ამაღლების) ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება,
გ. რესურსების ინვესტირება.
განვითარება საჭიროებს რესურსების ინვერსტირებას, და არა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერისტეტის გამოშიგვნას. სამიდან ეფრთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხარისხიანი უნივერსიტეტის გაუქმება არა თუ რესურსების რაციონალური, ოპტიმალური და გაუმჯობესებული გამოყენება, არამედ რესურსების გაფლანგვაა.
2.4. უცხოელი სტუდენტების ყოლას რეფორმის ავტორები განიხილავენ, როგორც მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესს. სინამდვილეში, უცხოელი სტუდენტების ყოლა – ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო სტრატეგია – ინტერნაციონალიზაცია. ის უნივერსიტეტებს უზრდის საერთაშორისო აკადემიურ სამყაროში ცნობადობას, ხილვადობასა და გავლენას (იმფაქტს), ქმნის კურსდამთავრებულთა (ე.წ. alumnies) საერთაშორისო ქსელს, რაც ნებისმიერი უნივერსიტეტისთვის უაღრესად სერიოზულ სოციალურ კაპიტალს წარმოადგენს. ინტერნალიზაციის გარეშე არ არსებობს საუნივერსიტეტო განვითარება.
2.5. თუ სწავლების ხარისხის თვალსაზრისით ვეტოლებით ოქსფორდს, კემბრიჯსა და ჰარვარდს, რატომ არ ვეტოლებით ოქსფორდს, კემბრიჯსა და ჰარვარდს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში? ინტერნაციონალიზაცია ხომ ამ სამი უნიევრსიტეტის ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიაა. ეს ორმაგი სტანდარტია.
2.6. რატომ უნდა მოვუსპოთ სახელმწიფო უნიევრსიტეტებს ინტერნაციონალიზაციისა და შესაბამისად – განვითარების შესაძლებლობა და პერსპექტივა? ვის ინტერესებშია ეს? კერძო ბიზნესის? სარისკოა, რომ ეს რეფორმას ეთიკის ჩარჩოებიდან გაიყვანს, რადაგანაც:
2.7. იქ, სადაც საუნივერსიტეტო განათლება დაიყვანება კერძო ბიზნეს ინტერესებზე და მოგებაზე – ნაცვლად საუნივერსიტეტო იდეისა და ფასეულობებისა, რითიც შექმმილია და რაზეც დგას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნიევრსიტეტი, და სხვ. – აღარ რჩება ადგილი აკადემიური კეთილსინდისიერებისთვის.
2.8. უნივერსიტეტის დაყვანა მოგებაზე ორინეტირებულ ბიზნესსზე, რაც „ბიზნეს სექტორმა უნდა აკეთოს“ – იმთავითვე მცდარი მიდგომაა (თუ ინტერპრეტაცია), რომელიც ეფუძნება მცდარ საბაზო დაშვებას:
2.9. უნიერსიტეტი არ არის „ბიზნეს სექტორის მოგებაზე ორინეტირებული საქმიანობა“, და არც ბიზნესია, რომ „წილები გადავანაწილოთ“. უნივერსიტეტი – ეს არის ფასეულობები, იდეები, აკადემიური კეთილსინდისიერება, პროფესიული ეთიკა, ალმა მატერი.
2.10. სახელმწიფოს ამოცანების შესრულებაში დახმარება უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, ასევე, კერძო უნივერსიტეტების პრიორიტეტი. არ არის მართებული ამ ნიშნით სახეომწიფო და კერძო უნივერსიტეტბის დაყოფა; თუ ამგვარად დავყოფთ – კვლავ ეთიკურ პრობლემებამდე მივდივართ.
2.11. ამავე დროს, უნივერსიტეტის მისია მხოლოდ შრომის ბაზრისთვის მუშაკის მომზადებით არ შემოიფარგლება. ის გულისხმობს ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას, ფუნდამენტური მეცნიერებების ჩათვლით, რაც მხოლოდ ბაზრის კანონზომოიერებებზე არ დაიყვანება.
2.12. იმ ფონზე, რომ კონცეფცია ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ბაზარს, ის არ უწევს ანგარიშს ბაზრის ერთ-ერთ მთავარ კანონზომიერებას: კონკურენციის მოსპობა (რასაც გააკეთებს პრინციპი „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი/უნიევრსიტეტი“) აქვეითებს ხარისხს. ეს კვლავ ორმაგი სტანდარტია.
2.13. კონკურენციის არსებობა ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საკვანძო მექანიზმია. რატომ იყენებს რეფორმის კონცეფცია საბაზრო პრინციპებს რეფორმის ერთ ასპექტში და უგულებელყოფს მეორეში? ეს რეფორმის კონცეფციას არათანმიმდევრულს ხდის.
გამოწვევა N3. უსისტემო საკადრო პოლიტიკა.
თემები, რომელიც გამოიყოფა ამ გამოწვევის აღწერაში შემდეგია:
– პროფესიული (საკადრო) რესურსების განაწილება არ ეფუძნება „მწყობრ ლოგიკასა და სისტემას“
– დაბალი ხელფასები აქვთ პროფესორებს
– ბევრი ლექტორი არასრულ განაკვეთზე მუშაობს
– უცხოელი პედაგოგების დეფიციტურ მიმართულებებზე მოზიდვის „მწყობრი სისტემა“ არა აქვთ უნივერსიტეტებს
კონტრარგუმენტები:
3.1. როგორც რეფორმის ავტორებმა საჯარო გამოსვლისას გაგვიზიარეს (თუმცა, რეფორმის კონცეფციის დოკუმენტში ეს ექსპლიციტურად ახსნილი არ არის), „პროფესიული რესურსების განაწილების მწყობრ და ლოგიკურ სისტემაში“ ისინი გულისხმობენ პროფესორთა პირამიდებს. ამგვარი „მწყობრი“ სისტემა ჩვენ გამოცდილი გვაქვს საბჭოთა კავშირში და ის სპობს სწავლებისა და კვლევის ხარისხსა და მრავალფეროვნებას, აკადმიურ თავისუფლებასა და კეთილსინდისიერებას. ის ანადგურებს უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტებს და ტოვებს ღრიჭოს კორუფციისთვის.
3.2. პროფესორებს სავარაუდოდ, მართლაც უფრო დაბალი ხელფასები აქვთ, ვიდრე, მაგალითად, პარლამენტის თანამშრომლებს (2-3-4-5-ჯერ ნაკლები, გააჩნია უნივერსიტეტს – ხელფასები კონფიდენციალური ინფორმაციაა და სრულად ინფორმირებული იმაზე, თუ რა ვითარებაა რომელ უნივერსიტეტში, არ გვაქვს).
3.3. რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკის გადახედვა. ასევე, იმის გადახედვა, რომ ხანში შესული ადამიანების პენსია საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ხელფასზე ასჯერადად ნაკლები არ იყოს. მაგრამ ეს საჭიროებს ქვეყანაში სახელფასო და საპენსიო პოლიტიკის გადახედვას და არა უნიევრსიტეტების თანამშრომლების პირამიდული ურთიერთმორჩილების სისტემის შექმნას.
3.4. არც რომელიმე ერთი წარმატებული უნიერვსიტეტის 92%-ის გაუქმებით მოგვარდება ხელფასების დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოწვევა ქვეყანაში. ეს გამოწვევა პასუხს არა განათლების რეოფრმის, არამედ სახელფასო და საპენსიო პოლიტიკის ფორმატში საჭიროებს.
3.5. რაც შეეხება ბევრი ლექტორის მუშაობას არასრულ განაკვეთზე, აქ, რაც კონცეფციას წარმოჩენილი აქვს როგორც პრობლემა, სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში – რესურსია, და აი რატომ:
3.6. შეუძლებელია იკითხო ლექციები, მაგალითად, კლინიკურ მუშაობაზე რეგულარული კლინიკური გამოცდილების გარეშე. ან, შეუძლებელია ასწავლო სტუდენტებს ადამიანური რესურსების მართვა, ადამიანური რესურსების მართვის სამუშაო გამოცდილების გარეშე. სხვა ანალოგიური მაგალითების მოყვანაც შეიძლება. რა გამომდინარეობს აქედან:
3.7. არასრულ შტატზე მომუშავე ლექტორები, ფაქტობრივად, ჩვენი უნივერსიტეტის ხიდია მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რესურსია და ამის მოსპობა გაწყვეტს კავშირს აკადემიასა და პრატქიკას შორის, როგორც ეს საბჭოთა დროში იყო.
3.8. უცხოელი ლექტორების მასიური მოზიდვა შექმნის რესურსების არარაციონალურად ხარჯვის პრობლემას. მთელ რიგ სამაგისტრო პროგრამებზე, ჰორიზონტისა და სხვა საუნივერსიტეტთაშორისი პროექტებისა თუ სხვა სრულიად გამართული მექანიზმების წყალობით, ასწავლიან უცხოელი ლექტორები. მაგრამ ამის გადაქცევა სისტემურ პრაქტიკად მოითხოვს უცხო ენის ცოდნას, რაც საბაკალავრო დონეზე არ არის სათანდო დონეზე.
3.9. უცხოელების ამგვარი სისტემური მოზიდვის შემთხვევაში, საჭირო იქნება დიდი რესურსი უცხოელი ლექტორების ჩამოსაყვანად, თარგმანის უზრუნველსაყოფად და ა.შ., რაც ლიმიტირებული რესურსების პირობებში იქნება რესურსების ირაციონალური ფლანგვა.
3.10. აჯობებს, რომ პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები არ გავანადგუროთ (ჰორიზონტისა და სხვა საერთაშორისო პროგრამების ხელმისწავდომობის შემცირებით) და ქართველი პროფესურის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუციური მექანიზმები დავხვეწოთ (სადაც ეს საჭიროა), ვიდრე ვიყოთ მუდმივად და სისტემურად უცხოელი, პენსიაზე გასული კადრების იმედად – როგორც ნახსენები იყო რეფორმის ავტორების მიერ საჯარო გამოსვლაში.
3.11. ქვეყანაში სამი წამყვანიუნივერსიტეტიდან ერთის 92%-ით გაუქმება ვერ დაეხმარება ქვეყანას და პირიქით – ხელს შეუშლის სხვა უნივერსიტეტბის (რომელბსაც უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ აკადემიური მუშაობის ხარისხში) პერსონალის გადამზადებაში – ეს რესურსების არარაციონალური ფლანგვა იქნება. პირიქით – გამოვიყენოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ბაზა.
გამოწვევა N4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა.
აქ რეფორმის კონცეფციის დოკუმენტში გამოიყოფა შემდეგი თემები:
– უნიევრსიტეტებში აკადემიური კვლევის მასშტაბი და დონე არადამაკმაყოფილებელია
– სწავლება-კვლევის სისტემის ინტეგრაცია არ არის უზრუნველყოფილი სწავლების ეროვნული სტანდერტების მიხედვით
– სამეცნიერო კვლევების დაფინანსების სისტემა მოწყვეტილია უნივერსიტეტებს
– სახელმძღვანელოები არ არის უნივერისტეტების უმრავლესობაში
კონტრარგუმენტები:
4.1. იმის აღიარების ფონზე, რომ უნიევრისტეტების უმრავლესობაში აკადემიური კვლევის მასშტაბი და დონე არადამაკმაყოფილებელია, ძალიან გასაკვირია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად იმ უნივერსიტეტის 92%-ით გაუქმებაა, რომელიც კვლევებში, და კვლევისა და სწავლების ინტერგაციაში ლიდერობს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც
4.2. სწავლების ეროვნულ სტანდარტებში სწავლება-კვლევის ინტერგარცია არ მოითხოვს კვლევაში წამყვანი უნივერსიტეტის გამოშიგვნას. პირიქით – ამ წარმატებული უნივერსიტეტის მაგალითი შესაძლოა დაეხმაროს სხვა უნიევრისტეტებს სწავლება-კვლევის ინტერგაციაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც კვლევაში, და სწავლება-კვლევის ინტეგრაციაში შესაძლებლობების განვითარების ბაზა ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებისთვის
4.3. სამეცნირო კვლევების დაფინანსება ქვეყანაში უაღრესად მწირია, და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მეტ ინვესტიციებს. შესანიშნავი იქნება, თუ სახელმწიფოს მხრიდან გაიზრდება კვლევების დაფინანსება. ეს არ საჭიროებს უკვე არსებული, გამართული, მოწინავე კვლევითი პოტენციალის მქონე უნივერსიტეტის ლიკვიდაციას.
4.4. ის, რომ უნივერისტეტებში არ არის სახელმძღვანელოები – ესეც მოითხოვს რესურსების ინვესტირებას. ასევე, ეს უნდა ჩაიდოს აკრედიტაციის მოთხოვნებში. ილიას სახელმწიფო უნიევრისტეტი, ამ მხრივ, სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, ბევრად უფრო აღჭურვილია. მისი გაუქმებით სხვა უნივერსიტეტების სახელმძღვანელოები ვერ დაიწერება. ეს არარელევანტური გზაა ამ გამოწვევის საპასუხოდ.
ფაქტები:
გარდა ზევით მოყვანილი კონტრარგუმენტებისა, ქვემოთ მოცემულია ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტის პროფესორის, დავით თარხნიშვილის მიერ საერთაშორისო აკადემიური რეიტინგებიდან ამოკრეფილი ფაქტებიც:
„არავითარ შემთხვევაში არ მინდა რაიმეთი დავაკნინო სხვა უნივერსიტეტების წვლილი მეცნიერების განვითარებაში, მაგრამ იცით, რომ, მაგალითად, სკოპუსის მონაცემთა ბაზაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდექსირებული პუბლიკაციები სფეროში “აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები” ილიაუნის წვლილი დაახლოებით 50%-ა? (გავიხსენოთ, რომ საქართველოში 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტია – ჯ.ჯ.)
რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა ამ პერიოდში გამოსცა ამ დიდ სფეროში 739 სამეცნიერო ნაშრომი, ხოლო თსუ-მ (სრული პატივისცემის მიუხედავად) 123 ნაშრომი?
- რომ მეცნიერების სფეროში „მეტყევეობა” (კლარივეიტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში) საქართველოში გამოქვეყნებული ნაშრომების 80% ილიაუნმა მოამზადა?
- სფეროში – „ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია” ილიაუნის მკვლევარებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა გამოაქვეყნეს საქართველოში გამოცემული ნაშრომების 77%?
- „ეკოლოგია” – 67%?
- „ზოოლოგია” (ზოოლოგიის და ეკოლოგიის ინსტიტუტების მეცადინეობით) 73%?
- „ბოტანიკა” – 57%?
- „განვითარების ფსიქოლოგია” – 66%?
- „დისტანციური ზონდირება” – 54%?
- „კლინიკური ფსიქოლოგია” – 49%?
- „ფსიქიატრია“ – 22%?
- „სოციალური ფსიქოლოგია“ – 22%?
- მულტიდისციპლინური ფსიქოლოგია“ – 40%?
- „ინტერდისცუიპლინური სოციალური მეცნიერებები“ – 40%?
- „ზოგადი შინაგანი მედიცინა“ – 37%?
- „ეთნიკური კვლევები” – 52%?
- „სამოქალაქო ინჟინერია”-საქართველოში მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების 50%?
- მეტეოროლოგია – ატმოსფერული კვლევები – 52%?
ხოდა, ის რომ ილიას უნივერსიტეტს ართმევენ უნიკალურ პროგრამებს – ეკოლოგიის საბაკალავრი და სამაგისტრო პროგრამებს… მოლეკულური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას, კვების მეცნიერების სამაგისტრო პროგრამას, ბუნებრივი რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამას, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის სამაგისტრო პროგრამას და მრავალ სხვას – ეს რა, მწირე რესურსების ოპტიმალური განაწილებაა?“
ბატონი თარხნიშვილის ამ ჩამონათვალს დავამატებ: უქმდება ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა; კლინიკური ფსიქოლოგიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამები; გამოყენებითი ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, რომელზეც ისწავლება ქართული/ქართველური ენების სისტემა და მათი დოკუმენტირებისა და კვლევის თანამედროვე ხელსაწყოების შექმნა, და რომელი ერთი უნიკალური და წარმატებული პროგრამა უნდა დავასახელოთ კიდევ იმ 92%-იდან, რაც უქმდება, ჩვენი ქვეყნის სავალალოდ და სახელმწიფო ამოცანების შერსულების თვალსაზრისით საზარალოდ.
რატომ უნდა დაინგრეს ასეთი სერიოზული მონაპოვარი, იმის მაგვირად, რომ სხვები დავაწიოთ მას? – ნული არგუმენტი რეფორმის კონცეფციის ავტორების მხრიდან.
როგორ წაიწევა ამ გაუქმებით წინ მეცნიერებისა და სწავლების კავშირი? – განუხორციელებადი მისია.
გამოწვევა N5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის.
თემა, რომელიც გამოიყოფა მოცემული გამოწვევის აღწერიდან:
– პროგრამების კვოტები არ ეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს
კონტრარგუმენტები:
5.1. შესაძლოა, არიან უნივერისტეტები ამ ნახსენებ 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტში, რომლებიც არ ატარებენ შრომის ბაზრის კვლევებს. რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერისტეტს, ყოველი პროგრამა ეფუძნება შრომის ბაზრის წინარე კვლევას, და მის განხორციელებას ახლავს შრომის ბაზრის რეგულარული კვლევა.
5.2. მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა – უნიკალური ჩვენს რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, პროგრამა, რომელიც „რეფორმამ“ გააუქმა, ეფუძნება სწორედ რომ შრომის ბაზრის კვლევას. უკანასკნელი შრომის ბაზრის კვლევა ამ მიმართულებით ჩატარდა 2023 წელს, და შემდეგი დაგეგმილი იყო 2026 წელს. მაგრამ არ დაგვცალდა.
5.3. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე (და მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში, ყოველი მესამე) ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც საჭიროებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარებას, გაუქმდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა. ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტში გაუქმდა ფსიქოლოგიის პროგრამა. გაუქმდა სოციალური მუშაობის პროგრამა. გაუქმდა ნეიროგანვითარების სპეციალისტების (და შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვის სპეციალისტების) მომზადების პროგრამა. დარჩა ადიქციის კვლევების რამდენიმე ადგილი, მაგრამ ამდენი ურთიერთდაკავშირებული პროგრამის გაუქმების ფონზე, ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი 5 ადგილი ხარისხიანი სწავლების შესაძლებლობას სპობს, რადგანაც:
5.4. რეფორმის კონცეფცია უგულებელყოფს, რომ უნივერიტეტი არის სისტემა და არა ცალკე აღებული პროგრამების ჯამი.
5.5. რომელმა ბაზრის კვლევამ გამოავლინა, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს პროგრამები აღარ სჭირდება? რატომ ვტოვებთ ასეულობით ათას ადამიანს (შშმ პირებს, წამალდამოკიდებულ ადამიანებს, გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებსა და მათ ოჯახებს, და ა.შ.) ქვეყანაში კვალიფიციური ზრუნვის შესაძლებლობების გარეშე?
5.6. ამავე დროს, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ქუთაისის უნივერისტეტში დაფინანსდა ასტროენათმეცნიერების პროგრამა, რომლის მესვეურიც საჯაროდ საუბრობს იმაზე, რომ მისი მეთოდი ეყრდნობა ჰიტლერისდროინდელი ნაცისტური გერმანიის ფაშისტურ-ოკულტურ იდეოლოგიას და ასევე, დილის 4-სა და 7 საათს შორის მისთვის ძილ-ბურანში ნაკარნახევ „საიდუმლო ტექსტებს“. რომელ სამეცნიერო თუ სწავლების ხარისხის სტანდარტებზე შეგვიძლია აქ ვისაუბროთ? რომელმა ბაზრის კვლევამ განსაზღვრა ამ ფსევდომეცნიერული პროგრამისთვის, რომელიც თეოლოგების შეფასებით, ანტიქრისტიანულია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 20 სასწავლო ადგილის გამოყოფა?
გამოწვევა N6. გაუმართავი დაფინანსების სისტემა
თემა: აქ პირდაპირ მოვიყვან სრულ განმარტებას კონცეფციიდან: „გადასინჯვას საჭიროებს უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული, საგრანტო სისტემა, რომელიც სათანადოდ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს და არ არის ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე”.
კონტრარგუმენტი:
6.1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მთელი რიგი ზრუნვის პროფესიების სპეციალისტების მომზადების პროგრამების გაუქმების ფონზე, გაკვირვებას იწვევს შემდეგი:
6.2. ჩვენ გავხდით შოვის ტრაგედიის მოწმე, როდესაც ადრეული გაფრთხილების სისტემამ ვერ იმუშავა და ამას ადამიანები ემსხვერპლნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის საბაკლავრო და სამაგისტრო პროგრამების გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენ ამგვარი ტრაგედიების თავიდან აცილების სამეცნიერო-კვლევით-პრაქტიკულ-სწავლებით კომპონენტს ვანგრევთ ქვეყანაში. და ეს – გლობალური დათაბობის ფონზე. ნუთუ, ჩვენს სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა დღემდე ვერ გახდა სახელმწიფო ამოცანა?
6.3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეჩერდა ზრუნვის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ფსიქიკური ჯანმრთელობა, კლინიკური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია, სოციალური ზრუნვა, ნეიროგანვითარება და ა.შ. კვლავ ისმის კითხვა: ნუთუ ჩვენს სახელმწიფოში ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა დღემდე ვერ გახდა სახელმწიფო ამოცანა?
6.4. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაუქმდა გამოყენებითი ენათმეცნიერების პროგრამა, რაც ქართული/ქართველური ენების კვლევისა და ეროვნული იდენტობის კვლევა-სწავლების უმნიშვნელოვანესი მქეანიზმია. კვლავ ისმის შეკითხვა: ნუთუ ქართული ენისა და ქართული იდენტობის შესწავლაზე ზრუნვა დღემდე ვერ გახდა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ამოცანა?
ამ სამი რიტორიკული შეკითხვის ფონზე, დგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვა: როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ?
– ისეთს, სადაც ადამიანის სიცოცხლეზე და კეთილდღეობაზე კვალიფიციური (დარგობრივი, სპეციალიზებული) ზრუნვა არ არის პრიორიტეტული?
– ისეთს, სადაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს არ ექნებათ კვალიფიციური სპეციალიზებული ზრუნვის მიღების საშუალება?
– ისეთს, სადაც ეროვნული იდენტობის შემსწავლელი გამოყენებითი მეცნიერებები უქმდება?
გამოწვევა N7. სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა
თემები:
– უნივერსიტეტები „მრავლად ფლობენ შენობა-ნაგებობებს. თუმცა, მათი დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს“
– სტუდენტებს არა აქვთ ხარისხიანი და იაფი საერთო საცხოვრებელი
– სტუდენტებს არა აქვთ სპორტული და ხელოვნების ინტერესების სარეალიზაციო ინფრასტრუქტურა
კონტრარგუმენტები:
7.1. რამდენად გააუმჯობესებს უნივერსიტეტების მდგომარეობას იმ შენობა-ნაგებობების ართმევა, რომელიც მათი კაპიტალია, და ამდენად, მათი მდგრადი განვითარების გარანტი?
7.2. შესაძლოა, სხვა უნიევრსიტეტებს მართლაც არა აქვთ სტუდენტური სივრცეები, მაგრამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის პროგრამების 92%-ს ლიკვიდაცია ემუქრება, არის სტუდენტური სივრცეები, ბიბლიოთეკები, რომლებიც იმდენად ღია და მეგობრულია, რომ ამ სიკეთით არა მხოლოდ ილიაუნის სტუდენტები, არამედ სხვა უნივერისტეტების სტუდენტებიც სარგებლობენ. ამ სივრცეების/შენობების ართმევა და მდგრადობის გარანტის წართმევა რამდენად გააუმჯობესებს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურას ქვეყანაში?
7.3. ქვეყანაში უცხო ქვეყნებიდან მდიდარი მოქალაქეების მიგრაციასთან დაკავშირებით, სტუდენტებს მართლაც გაუძვირდათ სივრცის ქირაობის შესაძლებლობები. მაგრამ ეს უფრო მიგრაციის პოლიტიკის პრობლემაა, ვიდრე განათლების სისტემისა. საერთო საცხოვრებელი, იაფი და ხარისხიანი, სასურველია აშენდეს, მაგრამ რატომ უნდა მოხდეს ეს უნივერსიტეტების შენობების ექსპროპრიაციის ფასად?
7.4. დებატებისას, კონცეფციის ერთ-ერთმა ავტორმა ახსენა, რომ უნიევრსიტეტების გადატანა უნდა მოხდეს ქალაქის გარეუბანში. ამის დასასაბუთებლად ავტორმა მოიშველია ის არგუმენტი, რომ ივანე ჯავახიშვილის დროს უნიევრსიტეტი სადაც მდებარეობდა, ეს ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა.
7.5. დიახ, წარმოადგენდა გარეუბანს 21-ე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ არსებობდა ქალაქის განვითარების ხედვა და უნივერსიტეტი დედაქალაქის კულტურული სივრცის ნაწილი უნდა ყოფილიყო. მისი ქალაქგარეთ გატანა ეწინააღმდეგება უნივერსიტეტების ქალაქის კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო განვითარებისა და ქართული ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის.
7.6. ასევე, ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები (და ხშირად, საბაკალავრო საფეხურისაც) მუშაობენ და ქალაქგარეთ საუნივერსიტეტო სივრცის გატანა, ფაქტობრივად მათ მუშაობისა და თავის გატანის შესაძლებლობებს მოუსპობს.
7.7. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღიარებაც, რომ ქალაქში არ არის მოგვარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, პიკის საათებში ტრანსპორტი, ფაქტობრივად, არ არის ხელმისწავდომი; პირადი ავტომობილების ყოლის შესაძლბელობები კრიტიკულად დაქვეითდება ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, და გამოდის, რომ რუსეთავში გადაყვანილ სტუდენტებს არ ექნებათ სამსახურიდან ლექციებზე და ლექციებიდან სამსახურში მოქნილად გადაადგილების შესაძლებლობა. რეფორმა შესაძლოა უზრუნველყოფს იაფ საერთო საცხოვრებელს, მაგრამ გადაადგილების პრობლემებს კრიტიკულად გაზრდის.
დაბოლოს, მთავარი კონტრარგუმენტები და რეკომენდაციები:
- გამოწვევები, რომლებზეც კონცეფციის დოკუმენტი მიუთითებს, ნამდვილად აქტუალურია ქვეყანაში და ითხოვს საპასუხო სტრატეგიულ რეაგირებას. მაგრამ, ამ გამოწვევების დაძლევა უნდა მოხდეს არა განათლების რეფორმის ფორმატში, არამედ კონკრეტული გამოწვევების მიღმა არსებული სახელმწიფო დონის პრობლემების ანალიზისა და მართვის ადექვატურ ფორმატში, შესაბამისი მიდგომებითა და მეთოდებით.
- განათლების რეფორმის ფორმატი ვერ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც არა მხოლოდ განათლების სიტემის, არამედ მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევებია. სახელმწიფო დონის გამოწვევების პასუხი უნდა მოხდეს შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიების განსაზღვრის ფორმატში.
- მაგალითად, განათლების სისტემის განვითარების დონე ვერ იქნება ქვეყნის შიდა მიგრაციის მიზეზი (ეს უფრო შედეგია რეგიონების არასაკმარისი განვითარებისა). არც რუსთავის განვითარებაა ადექვატური/კონგრუენტული ამოცანა განათლების რეფორმის განსახორციელებლად. რუსთავის განვითარება სახელმწიფოს ურბანული პოლიტიკის ნაწილია და შესაბამის ფორმატში მუშაობას მოითხოვს, ნაცვლად უნივერსიტეტების ხელოვნურად იქ გარიყვისა, რაც კიდე მეტ გაუგებრობასა და რესურსების ირაციონალურ ფლანგვას გამოიწვევს.
- განათლების რეფორმა უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც განათლების სისტემას ეხება და არა ურბანულ განვითარებას, რეგიონულ განვითარებას, სიღარიბესთან ბრძოლას, მიგრციის პოლიტიკისა და სხვა სახელმწიფო მასშტაბის პრობლემებს.
- უნდა მოხდეს რეფორმის ავტორების მიერ გამოყოფილი თითოეული ამ გამოწვევის ანალიზი (მაგ., „პრობლემათ ხის“ მეთოდის გამოყენებით), სადაც გამოიყოფა ძირითადი პრობლემა (ღერო), საფუძვლად მდებარე პრობლემები (ფესვები) და ამ პრობლემათა შედეგები (ხის ნაყოფი). ამგვარი ანალიზი მისცემს რეფორმის ავტორებს საშუალებას, რომ იმ 7 გამოწვევისთვის, რაც მათ დაასახელეს, გამოადიფერენცირონ არა პრობლემის შედეგები და მათზე მოახდინონ სიმპტომატური რეაგირება, არამედ ამ პრობოლემების საფუძვლადმდებარე მიზეზებზე, და დაგეგმონ შესაბამისი სახელმწიფო რეფორმები (რეგიონული განვითარების, ურაბნული განვითარების, სახელფასო პოლიტიკის და ა.შ.).
სხვანაირდ, გამოვა, რომ პრობლემის სიმპტომებთან (და არა მიზეზებთან) ბრძოლაში, განათლების სისტემის არსებულ მონაპოვარსაც დავანგრევთ, უნივერსიტეტებს გამოვშიგნავთ, გამოვაცლით ფუნდამენტს, ფიზიკურ და სოციალურ კაპიტლას, მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს; ყოველივე ამის ფონზე – სწავლებისა და კვლევის ხარისხს დრამატულად დავცემთ, ხოლო დასახელებულ გამოწვევებს კი მაინც ვერაფერს ვუზამთ, რადგან მათ დაძლევას მათ გამომწვევ მიზეზების დაძლევაზე მუშაობა ესაჭიროება. დაჭრა-დაჩეხვა ადვილია, აშენება – უაღრესად რთული. გილიოტინა არ არის ქერტლის მკურნალობის საუკეთესო საშუალება.
იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც არსებული გამოწვევების არა მიზეზებს, არამედ სიმპტომებს უმიზნებს, მიგვიყვანს დიდ გაუგებრობამდე და დესტრუქციულ სოციალურ ექსპერიმენტამდე.