პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა. ინფორმაცია „პუბლიკას“ წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ ჩუაშვილმა დაუდასტურა.
მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – 1 წელი პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით.
ხატია წერეთელი 2025 წლის 27 აგვისტოს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს 11 ადამიანი, როგორც ჩინეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები. „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა განუცხადა, რომ ყველა მათგანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
„დაკავებული 12 პირიდან ერთთან დაიდო რამდენიმე თვის წინ შეთანხმება და დარჩა 11 პირი. დღეს ყველანი გათავისუფლდნენ სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან“, – თქვა ვარდიაშვილმა.
დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.