საია: წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას

პუბლიკა

საია ეხმიანება „ქართული ოცნების“ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც პარლამენტმა 18 თებერვალს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, წარდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს.

„ერთი მხრივ, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამსახურის მიერ ხარისხიანი და მიუკერძოებელი იურიდიული დახმარების გაცემას, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ეწინააღმდეგება უფასო იურიდიული დახმარების ლოგიკას და ადვოკატის პროფესიული თავისუფლებისა და თვითმმართველობის პრინციპებს.  ამასთანავე კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ვერ ხსნის ამ ცვლილებების საჭიროებას.  განმარტებით ბარათში არაფერია  აღნიშნული იმ საკითხზე თუ რატომაა მოქმედი მოდელი ხარვეზიანი, და რატომ გახდის სამსახურის საქმიანობას უფრო ეფექტიანს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, „იურიდიული დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში დაცვის უფლების რეალიზების თვალსაზრისით”. მათი თქმით, ცვლილებებით წარმოდგენილი ინსტიტუციური გარანტიების შესუსტება გავლენას ახდენს მოქალაქეების  მიერ დამოუკიდებელი/ხარისხიანი იურიდიული მომსახურების უფლებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეპრესიული საკანონმდებლო კლიმატის პირობებში სულ უფრო ნაკლები რესურსით ახერხებენ მოქალაქეთა უფასო იურიდიულ დახმარებას”.

ორგანიზაცია მიმოიხილავს რამდენიმე პრობლემატურ საკითხს. მათი შეფასებით, იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშვალდებულების ფორმის ცვლილება „უარყოფითად აისახება მის დამოუკიდებლობაზე”.

„თუ მოქმედი რედაქციით, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, ახლა იგი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. შესაბამისად, მასზე სრულად გავრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოქმედება. შესაბამისად, სამსახურის დირექტორი ანგარიშს წარუდგენს არა საქართველოს პარლამენტს, არამედ პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე თავად დანიშნავს და გაათავისუფლებს სამსახურის დირექტორს, ერთპიროვნულად დაამტკიცებს სტარტეგიას. მიუხედავად იმისა, რომ ინიციირებული ვარიანტი კვლავ უსვამს ხაზს სამსახურის დამოუკიდებლობას, იურიდიული დახმარების სამსახურის დაქვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ეწინააღმდეგება ზოგადად იურიდიული დახმარების ლოგიკასა და დაცვის უფლების განხორციელების პრინციპებს, რადგან ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის გაწეული იურიდიული მომსახურება სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებით არსებულ დავებს ეხება და დავის ორივე მხარის ერთი ხელისუფლების შტოს ქვეშ მოქცევა პირის დაცვის ლოგიკას ეწინააღმდეგება. შედეგად, სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქცევა უარყოფითად აისახება მის დამოუკიდებლობასა და საქმიანობის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხორციელებაზე” – ნათქვამია საიას განცადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფიქრობს, რომ იურიდიული დახმარების საბჭოს გაუქმება „შიდაინსტიტუციური თვალსაზრისით ასუსტებს სამსახურს”:  

„წარმოდგენილი ცვლილებებით  იურიდიული დახმარების საბჭო,  როგორც სამსახურის პოლიტიკის განმსაზღვრელი და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კოლეგიური ორგანო, უქმდება. აქამდე საბჭო იყო სამსახურში არსებული კოლეგიური ორგანო, რომელიც მის  მართვას,ფუნქციების ეფექტიან შესრულებას, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.ვიგი 9 წევრისგან შედგებოდა, რომლებიც აირჩეოდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების ბიუროების, იუსტიციის მინისტრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. იურიდიული დახმარების საბჭო განსაზღვრავდა სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებდა სტრატეგიას და ახორციელებდა მისი შესრულების მონიტორინგს. ამასთანავე საბჭო ირჩევდა სამსახურის დირექტორს”.

ორგანიზაციის თქმით, მოქმედი რედაქცია საბჭოს უფლებამოსილებაში განსაზღვრავდა სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმებს, რაც ადგენდა თუ ვინ მიიღებდა უფასო იურიდიულ მომსახურებას.

„წარმოდგენილი ცვლილებებით კი, გაუქმებული საბჭოს უფლებამოსილებების ნაწილი (მაგ. დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა, სტარტეგიისა და დებულების დამტკიცება) გადაეცემა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, ხოლო უფლებამოსილებების ნაწილი, რომელიც სამსახურის მუშაობის კოორდინაციასა და, მათ შორის, ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ორგანიზებას ეხებოდა, მხოლოდ დირექტორის ხელში აღმოჩნდება” – აღნიშნულია განცხადებაში. 

კოლეგიური ორგანო, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ დანიშნული წევრებისგან იყო შედგენილი, საიას შეფასებით, მიზნად ისახავდა, უზრუნველეყო აზრთა სხვადასხვაობა და კონსესუსის აუცლებლობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობიდან „ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის ხელში გადასვლა აუარესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ინკლუზიურობის ხარისხს”.

„ინიციირებული ცვლილებებით, ფაქტობრივად, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდაავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს. მართალია, ფორმალურად საბჭოს უფლებამოსილებებს მთავრობა და სამსახურის დირექტორი ინაწილებს, თუმცა საბჭო, როგორც სხვადასხვა სუბიექტის მიერ დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტია იყო, უქმდება, რაც დელიბერაციული და კოლეგიალური მმართველობის სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ წარდგენილ ცვლილებებს გავლენა ექნება „ინდივიდების დაცვის უფლებაზე”:

„გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიული დახმარების ბიუროები მოქალაქეებს უწევენ სამართლებრივ, მათ შორის უშუალოდ საადვოკატო მომსახურებას, აუცილებელია იურიდიული დახმარების სისტემა განხილულ იქნას საადვოკატო საქმიანობის პრინციპებთან მიმართებით. მნიშვნელოვანი უკუსვლაა, დახმარების მიმღების განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმების იმ დირექტორის მიერ დადგენის უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშული პირია. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობის პირობებში, ასეთი კრიტერიუმების განსაზღვრაც პოლიტიკური კონტროლის მექანიზმად შეიძლება იქცეს” .

„ქართული ოცნების” პარლამენტში „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პაკეტი 20 იანვარს დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონისა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იურიდიული სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.