ომბუდსმენი შეისწავლის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, შეისწავლიან კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.

„სახალხო დამცველი შეისწავლის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც, 2026 წლის 4 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე სასწავლო წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით 2026 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველი იმ მშობელთა ნაწილს შეხვდა, რომელთა შვილებს 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილავს კანონში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების პროცესში რამდენად იყო დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ცვლილებებს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


4 თებერვალს ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები საბოლოო მოსმენით მიიღო.

ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებით:

• საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს 12 წელი. ზოგადი განათლების საფეხურები კვლავ სამი იქნება. დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).

• ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება;

• მოსწავლისათვის სკოლაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სასკოლო ფორმის ტანსაცმელის ტარება გახდება სავალდებულო;

• სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას;