საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

პუბლიკა

საბერძნეთში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე, სუდის საზღვაო ბაზასთან დაკავშირებულ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებდა და ათენში დააკავა. სამართალამცველების ცნობით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ დაკავებული ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.

მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი საბერძენთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და სუდის მახლობლად სასტუმროში ცხოვრობდა.

საბერძენთში ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ეს შემთხვევა ფართო ქსელის ნაწილი იყოს, რადგან სუდის ბაზის თვალთვალის ფაქტზე მათ გასულ წელსაც დააკავეს ერთი პირი, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო.

ასევე აზერბაიჯანელი კაცი დააკავეს შარშან იმავე პერიოდში კვიპროსზეც, რომელიც სამართალდამცავი უწყების ცნობით, ლიმასოლსა და პაფოსში სამხედრო ობიექტების ფოტომასალას აგროვებდა. დაკავებულს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებოდნენ.