საგარეო უწყება გმობს ნახიჭევანში დრონებით განხორციელებულ შეტევას.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.
მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებისვე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი ესაუბრა აზერბაიჯანელ კოლეგას.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანული დრონები აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა – დაშავებულია 4 ადამიანი.
დრონებით იერიშის შემდეგ აზერბაიჯანში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.