„თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო „იმედის“ სატელევიზიო დებატებში განაცხადა.
პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურა მახარაძემ დასვა კითხვა, თუ რატომ არის საქართველო სტამბოლის კონვენციის წევრი, რომელშიც მისი თქმით, პირდაპირ არის გაწერილი, რომ „ტრადიციული როლები ქალის და კაცის, არის პრობლემა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეგ ჩანაცვლდეს”.
ზურა მახარაძე: „საერთაშორისო ხელშეკრულებებს უპირატესი ძალა აქვს თუ რატიფიცირებულია და მაშინ რატომ არ გამოვედით იმ ხელშეკრულებიდან, სადაც ტრადიციული როლი, რომლითაც ხდება დემოგრაფიის მატება, სადაც ქალი დედაა, ხოლო კაცი დამცველი და შემომტანი, რაც უნდა იყოს და რაზეც უნდა იყოს აქცენტი კანონმდებლობის, ეგეთ ხელშეკრულებებში რატომ ვმონაწილეობთ? რატომ გვაქვს უკიდურესად რადიკალური ფემინიზმით ინსპირირებული პოლიტიკა, მათ შორის ოჯახის შიდა საქმეებში აგრესიულ ჩარევაში, როცა ოჯახური კონფლიქტია, ფაქტობრივად, ძალადობა სადაც ხდება, იქ პოლიციამ უნდა იმოქმედოს, მაგრამ სიტყვიერი შელაპარაკების დროსაც რომ ხდება პოლიციის ჩარევა და, რა თქმა უნდა, ეგეთი ოჯახები ინგრევა მერე და ცოლსა და ქმარს შორის პოლიცია რომ ჩადგა, აი, ამ იდეოლოგიური პოლიტიკის ავტორები და თანამონაწილეები, მათ შორის, არის “ქართული ოცნება” და რატომ არ ვცვლით ამ ყველაფერს”.
ირაკლი კობახიძე: „ვიღაცები ქილიკობენ, რომ საიდანღაც ჩვენ არ გვთხოვენ კაცების გათხოვებას, ნუ ეს, რა თქმა უნდა, უტრირებული ნათქვამია და ამ სპეკულაციებში არ შევყვები შესაბამის ადამიანებს. რეალურად, იყო უზარმაზარი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია.
დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება.
თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის აბსოლუტურად იზიარებს დამოკიდებულებას, რომ „იდეოლოგია არის პრობლემური” და ამ იდეოლოგიას აქვს „ხელშესახები უარყოფითი” შედეგები, რაც ქორწინებისა და შობადობის სტატისტიკაზე აისახება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ორი წელია აქტიურად მიმდინარეობს და ამ მხრივ, აგრძელებენ მუშაობას”.
რა არის სტამბოლის კონვენცია?
ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) მიღებულია სტამბულში 2011 წლის 7 მაისს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს.
დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია ევროპისსაბჭოს 13 ქვეყნის მიერ იყო რატიფიცირებული.
საქართველოში 2014 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს მოეხდინა კონვენციის რატიფიცირება, პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ცვლილებები შევიდა 30-მდე კანონში, რომელიც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხებოდა. 2017 წელს კი შესაძლებელი გახდა კონვენციის რატიფიცირება.