ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჯონ უოლტერსმა, სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის, ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული კვლევის გამო გამოძიების დაწყებაზე.
უოლტერსის განცხადების მიხედვით, ირანის მზარდ გავლენაზე მომზადებული კვლევა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების სრული დაცვითაა მომზადებული და ეფუძნება გადამოწმებულ, საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.
„ეს ანგარიში წარმოადგენს ჰადსონის ინსტიტუტის პუბლიკაციას, რომელიც მომზადებულია ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების სრული დაცვით. იგი ეფუძნება გადამოწმებულ და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რაც მითითებულია ანგარიშის სქოლიოებში; ჰადსონის ინსტიტუტი მტკიცედ უჭერს მხარს თავის დასკვნებს.
ეს ანგარიში უნდა გახდეს ერთგვარი განგაშის ზარი — განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის ძალას წარმოადგენს.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგარიშის ავტორებს იძიებდეს, იგი უნდა შეშფოთდეს კვლევის მიგნებებით, რომლებიც ეყრდნობა ძირითადად საჯარო ინფორმაციას, რაც ხელისუფლებისთვის ისედაც ცნობილი უნდა იყოს.
ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენის გაფართოების მკაფიო და სისტემურ სურათს. ეს პროცესი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჰადსონის ინსტიტუტმა“ 3 მარტს გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ირანის „მზარდი გავლენების“ შესახებ. კვლევის ავტორები „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი არიან.
კვლევაში, „საქართველოს ირანული შეტრიალება” თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერი მოკავშირე ქვეყანაში“, საუბარია, რომ ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გავლენა იქონია ქვეყანაზე. მედიის ცნობით, კვლევაში აღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.
კვლევის თანახმად, 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2025 წელს ირანიდან შემოტანილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა და ღირებულება იზრდება.
ამასთან ერთად, საქართველოში, კერძოდ თბილისში, გარდაბანსა და მარნეულში, ღიად მოქმედებენ ირანული რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული „ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რომლებიც „ხელს უწყობენ თეირანთან დაკავშირებულ რელიგიურ დოქტრინებს, ქმნიან ლოიალურ სასულიერო ქსელებს და რელიგიური განათლების საფარქვეშ იდეოლოგიურ მომზადებას უზრუნველყოფენ“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კვლევაზე გამოძიება დაიწყო და გამოსაკითხად დაიბარა გიორგი კანდელაკი, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე, ვახტანგ კაპანაძე.