10 მარტს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაფართოების შესახებ დებატები გაიმართა.
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატები სიტყვით გამოვიდნენ. სხდომას ესწრებოდა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
საქართველოს შესახებ სწორედ კოსმა ილაპარაკა – მან ისაუბრა გაფართოების მნიშვნელობაზე, ხოლო საქართველო მოიყვანა მაგალითად იმისა, თუ რა ხდება, როცა რუსეთი იმარჯვებს.
მარტა კოსმა თქვა:
„ჩვენი გაფართოების პარტნიორები ჩართულნი არიან ჩვენს „დემოკრატიის ფარში“ და სამოქალაქო საზოგადოების სტრატეგიაში, როგორც წევრი ქვეყნების თანასწორი პარტნიორები. ჩვენ უნდა გადავაფაროთ დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე ჩვენი კონტინენტის მიღმა.
გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება.
საქართველოში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი იმარჯვებს. ავტოკრატიული სისტემა თრგუნავს დემოკრატიულ გამოხატვას. მათ ახლახან მიიღეს ახალი კანონი, რომელიც თავს ესხმის ქვეყნის დემოკრატიულ და სამოქალაქო სივრცეს და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს იმ ევროპული მომავლისგან, რომელიც მისი ხალხის უმრავლესობას სურს.
ამავე დროს, ისინი ატყუებენ თავიანთ ხალხს, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში შეჰყავთ და თითქოს ევროკავშირია ის მხარე, რომელიც მათ უნდა მოერგოს. მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აფასებს დემოკრატიასა და თავისუფლებას: ჩვენ თქვენზე უარს არ ვამბობთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.
საქართველო ასევე ახსენა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა, კშიშფოტ ბრეიზამ. მან თქვა, რომ ქართველებს კვლავაც შეუძლიათ ევროპული გზის არჩევა.
„ევროკავშირი თავისი მცხოვრებლებისთვის მეტ ბედნიერებას, უკეთეს გარემოს და მეტ დაცულობას უზრუნველყოფს, განსხვავებით პუტინის მეგობრებისგან. ჩემთვის გასაკვირი ის არის, რომ ყველას ევროპაში ცხოვრება სურს და არა რუსეთში გაქცევა.
ქართველებს კვლავ შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთი პროევროპული გზა. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩვენ ვხედავთ, საით მიჰყავს ქვეყანა საქართველოს რეჟიმს, თუმცა შეუძლებელია, იძულებით ჩაახშო ქართველი ხალხის ნება, გახდნენ ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა ბრეიზამ.
გაფართოების ბოლო ანგარიში 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. მასში აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული კანონები „უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის“ და რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსიდან მხოლოდ სახელი დარჩა“. ანგარიშის წარდგენისას მარტა კოსმა თქვა, რომ გაფართოების არცერთ ანგარიშში მანამდე არ ყოფილა საუბარი ამდენ უკუსვლაზე.
ის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სტატუსით დასტურდება. მარტა კოსმა კაია კალასთან ერთად 6 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც აღნიშნა, როცა ისინი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მორიგ რეპრესიულ კანონებს გამოეხმაურნენ.
11 მარტს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები საქართველოს შესახებ სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას და პოლიტიკური პატიმრების საქმეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.