ევროკომისიის სპიკერმა, შივონ მაკგარმა „პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად კიდევ ერთხელ თქვა, რატომ იგეგმებოდა ყულევის პორტის სანქცირება – მიზეზი პორტის „ჩრდილოვან ფლოტთან“ კავშირია.
„ჩრდლოვანი ფლოტი“ გულისხმობს გემებს, რომლებიც რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან – მათ ძირითადად ნავთობი გადააქვთ. თუმცა, სხვადასხვა დროს სანქცირებულ გემებს შორის მოხვდნენ ისეთებიც, რომელთაც გადააქვთ იარაღი ან მოპარული უკრაინული მარცვლეული. ამ დროისთვის რუსეთს სანქცირებული აქვს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 600-ზე მეტი გემი.
შივონ მაკგარმა თქვა:
„პორტის იდენტიფიცირება განაპირობა „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან კავშირმა. არსებობდა შეშფოთება, რომ პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდების შესვლა შესაძლოა, გამოეყენებინათ რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნებოდა.
სწორედ ამიტომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ ევროკავშირისთვის შემაშფოთებელი ქმედებები შეწყდებოდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ ამ რეექსპორტს და ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრ მონიტორინგს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრაქტიკაში მართლაც სრულდება“.
დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იგულისხმება თუ არა რეექსპორტში ის, რომ რუსული ნავთობი შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და შემდეგ მისი ექსპორტი ხდებოდა, როგორც ქართული ნავთობის, მაკგარმა უპუხა:
„მე არ მაქვს ამ საქმის დეტალები, თუმცა ვივარაუდებდი, რომ სწორედ ეს ხდებოდა – ნავთობის რეექსპორტი ხორციელდებოდა ევროკავშირში“.
10 მარტს პროპაგანდისტულმა „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა ყულევის პორტი რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო.
იმედმა“ გამოაქვეყნა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილი, რომელიც მან მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა და რომლითაც დაადასტურა, რომ ევროკავშირი არ დაუწესებს სანქციებს ყულევის ნავთობტერმინალს, ვინაიდან „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“.
წერილში ო’სალივანი მიუთუთებს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ (Shadow Fleet) წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების სანქცირებით; იგი მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელი ლოგისტიკური ჯაჭვისა და ფართო ეკოსისტემისკენ“.
გარდა ამისა, წერილში ო’სალივანი ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირს გააჩნია ინსტრუმენტები იმ მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქცირებისთვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს“.
ინფორმაცია, რომ საქართველოში მდებარე ყულევის პორტი შესაძლოა შესულიყო რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტში, თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა 9 თებერვალს.
გამოცემა წერდა, რომ სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით, სხვა აკრძალვებთან ერთად, მოთხოვნილია რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა და სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
კერძოდ, ყულევის პორტი დასახელებული იყო სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.
ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის კაია კალასი არ ადასტურებდა, თუმცა, არც უარყოფდა, რომ ყულევის სანქცირების საკითხი განიხილებოდა.
23 თებერვალს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიას „სრული ინფორმაცია მიაწოდა“ და რომ აღნიშნლი ინფორმაცია „ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი“.
კობახიძე ამბობდა, რომ ნავთობის „ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა“.
„შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, – ამბობდა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2026 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტის დამსახურებაა.
საქსტატის თანახმად, საქართველომ ნავთობის წარმოება და უცხოეთში გაყიდვა დაიწყო.
2025 წლის იანვართან შედარებით, ამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სექტორში ზრდამ 3000%-ს გადააჭარბა. კერძოდ, თუ 2025 წლის იანვარში ამ სასაქონლო ჯგუფის ადგილობრივი ექსპორტი 1.69 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 56.18 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამ შედეგით ნავთობმა და ნავთობპროდუქტებმა ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა და მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18% შეადგინა.
საქართველოში ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა მან გადაუსწრო ისეთ ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიცაა ღვინო, კაკალი და მინერალური წყლები.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს – ის ამ დროისთვის დამტკიცებული არ არის. მის მიღებას ხელი უნგრეთმა შეუშალა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტრომ განაცხადა, რომ ისინი ხელს უშლიან რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტის დაწესებას, სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. გარდა ამისა, უნგრეთი მხარს არ უჭერს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიცემას იმავე საბაბით.
POLITICO-ს წყაროების ცნობით, ბუდაპეშტი შესაძლოა, რუსულ სანქციებს ბლოკავდეს იმის გამო, რომ უნდათ, ევროკავშირისგან 16 მილარდი ევროს სესხი თავად მიიღონ SAFE ინსტუმენტის (მოქმედება ევროპის უსაფრთხოების) ფარგლებში. SAFE 150 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მექანიზმია, რომელიც ევროკავშირმა 2025 წლის მაისში მიიღო წევრი სახელმწიფოების თავდაცვის სამრეწველო წარმოებისა და ერთობლივი შესყიდვების გასაძლიერებლად.