ადვოკატები: ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და სასამართლოში შარშან მომხდარ ხანძარს ალეკო ელისაშვილს ედავებიან

პუბლიკა

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატები ახალ ბრალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის ელისაშვილის „დამნაშავედ წარმოჩენის უსუსური და აბსურდული მცდელობა“.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებული „ე.წ. მტკიცებულებები, (კადრები) ვერ ადასტურებს ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს“.

„სუსი ისევ კომიკურ მდგომარეობაშია! ტერორიზმის საქმე ვერ შეკერეს და სასამართლოში შარშან მომხდარ ხანძარს, რომლის შესახებაც ამ დრომდე არავის არაფერი სმენია, ალეკო ელისაშვილს ედავებიან.

თანაც მაშინდელი ხანძარი, რომლის გამოძიებაც ერთი წლის განმავლობაში ნივთის დაზიანების მუხლით მიდიოდა, ერთი წლის თავზე ტერორიზმად იქცა და მის უკანაც პოლიტიკოსის კვალი დადგინეს.

პროკურატურის მიერ, დღეს გასაჯაროებული ე.წ. მტკიცებულებები (კადრები), ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ადასტურებს ამ ფაქტთან ალეკო ელისაშვილის შემხებლობას და კავშირს.

კომიკურია ისიც, რომ თავად პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერიზის დასკვნითვე (26.02.2026) აღნიშნული კადრები ადამიანის იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

სინამდვილეში ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, რომლის მიზანიცაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაცია და საზოგადოების თვალში მისი სისხლის სამართლის დამნაშავედ წარმოჩენა.

ალეკო ელისაშვილის დემონიზაციის მიზანი, ამასთანავე არის მისი, როგორც პოლიტიკოსის განეიტრალება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფის შურისძიება და რუსული განაჩენის დეფაქტო აღსრულება.

მიმდინარე საქმეში არ არსებობს რეალური დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა ალეკო ელისაშვილის ტერორისტობას, შესაბამისად ხელისუფლებას ახალი საქმის შეკერვა დასჭირდა ბრალის დამაჯერებლობის გაზრდისთვის.

კომიკურია ისიც, რომ მთავარი მტკიცებულება პარასკევს ციხეში ჩატარებული ოდოროლოგიური (სუნის) ექსპერტიზაა, რომელიც არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ტარდება ძაღლის მეშვეობით, რომელმაც ამ შემთხვევაში ერთი წლის წინ აღებულ სუნის ნიმუშზე იმუშავა და არ არსებობს მისი ზუსტი მეცნიერული მეთოდოლოგია და დასაბუთება“, – აცხადებენ ადვოკატები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს დღეს ახალი ბრალი წარუდგინა – მას ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან.

პროკურატურის მტკიცებით, „წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებულმა ალექსანდრე ელისაშვილმა“ სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი 2025 წლის 4 მაისს გააჩინა.

პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოკამერების ჩანაწერებიც, რომელშიც, მათი მტკიცებით, ალეკო ელისაშვილია ასახული.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული ალექსანდრე ელისაშვილი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:44 საათზე, მივიდა ქ.თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი №64-ში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, სადაც სასამართლოს არქივი მდებარეობს.

თავდაპირველად, ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს.

ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.

ალექსანდრე ელისაშვილმა, აღნიშნული ქმედებით, ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების დესტაბილიზაციის მიზნით, ასევე, სასამართლოში არსებული ინფრასტრუქტურის, ცალკეული საქმეებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალების განადგურების გზით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა. ასევე, საფრთხე შეუქმნა იმ დროისათვის სასამართლოს შენობაში მყოფი მანდატურის სამსახურის სამი თანამშრომლის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.