SJC: შალვა ესართიას დევნა უკანონოა და სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების უმძიმესი შემთხვევაა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ზუგდიდის უწყვეტი პროტესტის მონაწილის, შალვა ესართიას სისხლის სამართლის წესით დაკავებაზე ანალიზი მოამზადა.

ორგანიზაციის შეფასებით, შალვა ესართიას დასჯა იმგვარი ქმედებისთვის, რომელიც არსებითად საკუთარი უფლებებით სარგებლობაა და არანაირ ძალადობრივ ან შუღლის გამაღვივებელ ელემენტს არ შეიცავს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების არსს უგულებელყოფს.

ანლიზში „ცენტრი“ მიმოიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, „ოცნების“ დღის წესრიგს ირეკლავს.

SJC-ს ანგარიშით, 2024-2026 წლების (დღემდე) პერიოდში განხორციელდა 24 საკანონმდებლო ცვლილება. ცვლილებების პიკი დაფიქსირდა 2025 წელს, როდესაც განხორციელდა 19 ცვლილება – საშუალოდ, ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ.

შინაარსობრივი ანალიზი აჩვენებს:

▪ მხოლოდ 42% ცვლილებებისა იყო ნეიტრალური და მიმართული სხვადასხვა სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისკენ (გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, არასრულწლოვნების უფლებები, ტექნიკური ცვლილებები);

▪ დანარჩენი ცვლილებები პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდა პოლიტიკურ პროცესებს და მეტწილად დემოკრატიული სივრცის შეკუმშვას ემსახურებოდა. კონკრეტულად:

▪ 21% ცვლილებებისა ქმნიდა მტრულ გარემოს პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის;

▪ თითქმის 17% მიმართული იყო პროტესტის კრიმინალიზებისა და პასუხისმგებლობების გამკაცრებისკენ;

▪ 8% – ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ;

▪ 8% – უცხოელების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებისკენ;

▪ 4% – ჰომო/ბი/ტრანსფობიული კანონმდებლობის ფონზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებთან დაკავშირებული კრიმინალიზების პირობების შექმნისკენ.

„პუბლიკა“ გთავაზობთ ანალიზს სრულად:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ზუგდიდის უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილისა და მედროშისთვის, შალვა ესართიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს და მიიჩნევს, რომ აქტივისტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება უკანონოა და უხეშად არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს, და სამართლის სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთ უმძიმეს შემთხვევას წარმოადგენს.

2026 წლის 17 მარტს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამოქალაქო აქტივისტი, შალვა ესართიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 2025 წლის 16 ოქტომბერს შემოღებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელიც პოლიციელის (ან მასთან გათანაბრებული სხვა პირის) მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდების ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების მესამე შემთხვევისთვის – ერთ წლამდე, ხოლო მეოთხე შემთხვევისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ)353 ტერცია მუხლი).

2026 წლის 17 მარტს შალვა ესართია სამართალდამცველებმა ქვეითისთვის გზის არდათმობის საბაბით გააჩერეს. გაჩერებისთანავე შალვა ესართიამ უარყო მოძრაობის წესების დარღვევა, რაც პოლიციელებმა დაუმორჩილებლობად შეაფასეს და ადგილზე დააკავეს.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, შალვა ესართიას მიმართ სისხლისსამართლებრივი ბრალის წაყენება პოლიციელის დაუმორჩილებლობის საბაბით ფორმალურად შესაძლებელი გახდა, რადგან მას მანამდე, 2025 წლის თებერვალსა და დეკემბერში, ორჯერ დაეკისრა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) საფუძველზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის I ეპიზოდი

2025 წლის 30 იანვარს შალვა ესართია სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და ადგილზე მისული, ტელეფონის გადაცემაზე უარის გამო, დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. პირველ თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე დაობდა, რომ დაკავებული მათ შეურაცხყოფას აყენებდა, ეძახდა ქურდებს, გლახაკებს და მეგრულ სიტყვას – ჩიჩიეს, რაც სულელს ნიშნავს. 2025 წლის 1 თებერვალს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ შალვა ესართია პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამრღვევად ცნო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის II ეპიზოდი

პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით შალვა ესართია მეორედ დააკავეს 2025 წლის 5 დეკემბერს. შალვა ესართიას საპროტესტო აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით სახის დაფარვასა და შეურაცხმყოფელი ბანერის გამოყენების გამო ედავებოდნენ, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჭაბუკიანმა დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა და შალვა ესართიას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

უნდა ითქვას, რომ შალვა ესართია ერთ-ერთი პირველია ვის წინააღმდეგაც, პროკურატურამ სსკ-ის 353 ტერცია მუხლი პრაქტიკაში გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში სისხლის სამართლის კოდექსში გატარდა 24 ცვლილება, რომელთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა და დაკავშირებული იყო პროტესტის რეგულირებასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კრიმინალიზაციასთან, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებასთან და სხვადასხვა ჯგუფებზე მიმართული შეზღუდვების გაძლიერებასთან. ცვლილებების პიკი 2025 წელს დაფიქსირდა, როდესაც წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსში 19 ცვლილება განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებების შინაარსობრივი ანალიზის აჩვენებს, რომ ცვლილებების მხოლოდ დაახლოებით 42% ატარებდა ნეიტრალურ ხასიათს, მაშინ როდესაც დანარჩენი ნაწილი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და დემოკრატიული სივრცის შეკუმშვის ტენდენციებს, კრიტიკული აზრისა და პროტესტის დამატებით კრიმინალიზებას.

პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის შემადგენლობის თვითნებური გაფართოება სისხლისსამარლებრივი დევნისთვის

როგორც ზემოთ აღინიშნა, შალვა ესართიას სისხლისსამართლებრივი ბრალი წარედგინა სსკ-ის 3533 მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლების 1-ლი და მე-2 ნაწილებით ჩადენილ ქმედებებს – პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფას და ლანძვა-გინებას – მიემართება და სისხლისსამართლებრივი წესით სჯის  ამ ქმედებების ჩადენას იმ პირის მიერ, რომელსაც იგივე ქმედება უკვე ორჯერ აქვს ჩადენილი და ამ საფუძვლით ადმინისტრაციული სახდელიც დაედო.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და მით უფრო, სისხლისსამართლებრივი წესით შალვა ესართიას დასჯა ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც  ძალადობრივ ან შუღლის გამაღვივებელ ელემენტს არ შეიცავს, და პირიქით, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებით მის საპირისპირო განზრახვას ავლენს, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს არღვევს.

თუმცა, ეს საქმე არ წარმოადგენს ინდივიდუალური უფლებების დარღვევის მორიგ შემთხვევას და დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის დანაშაულების ანტი-დემოკრატიული, კრიტიკულ ხმებზე ტოტალური კონტროლის მიზნებით ინსტრუმენტალიზების პრაქტიკას ცხადყოფს.

საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პროტესტის მონაწილეების თვითნებური სანქცირების იარაღად გამოყენების საშუალებას იძლევა წლებია კრიტიკას ვერ უძლებს და არაერთხელ გახდა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დარღვევის დადგენის საფუძველი. ადგილობრივი სასამართლოები ამ ორს შორის მკვეთრი ზღვრის გავლების გარეშე დაუმორჩილებლობად ან/და ზიანის შემცველ შეურაცხყოფად რაცხავენ ისეთ ჩვეულ კომუნიკაციასაც კი, როგორიცაა მოქალაქის კითხვა „რატომ აკავებთ” და ასეთი შერაცხვისას ეყრდნობიან დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის შესახებ პოლიციელების შაბლონურ მოსაზრებას პირის კონკრეტული ქმედების, განზრახვის, მოთხოვნის შესრულების ობიექტური შესაძლებლობის ან/და მოთხოვნის კანონიერების გაუთვალისწინებლად (იხ. Makarashvili and Others v. Georgia, 23158/20§61-62, 64, 1 September 2022; Mzhavanadze and Rukhadze v. Georgia, 29760/2, §50, 54, 5615 July 2025, იხ. სახის დაფარვის საქმეებზე დაუმორჩილებლობის ნაწილში მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები).

შალვა ესართიას უფლებების შეზღუდვისას სასამართლოს ასეთი „მწვანე შუქით“ სახელმწიფო აპარატი იყენებს დასჯის ყველაზე ინტენსიურ ფორმას ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც არათუ ზიანის შემცველია, არამედ დემოკრატიული, მრავალფეროვანი საზოგადოების ცხოვრების აუცილებელი პირობაა, და როგორც ამას საკონსტიტუციო სასამართლოც აღიარებს, თავად არის იმ უპირატესი მნიშვნელობის, რომლებიც სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით დაცვას საჭიროებს.

ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ქმედების კრიმინალიზებისას სისხლის სამართლის თეორიის, საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოების მიერ დაწესებულ მინიმალურ შეზღუდვებს, რომელთაგან თითოეული დარღვეულია შოთა ესართიას საქმეზე.

ქმედების კრიმინალიზების საკანონმდებლო უფლებამოსილების შინაარსობრივი შეზღუდვა თეორიასა და დოქტრინაში

სისხლის სამართლის თეორია

სისხლის სამართლის თეორიაში გამოყოფილია ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის მინიმალური წინაპირობები, რომლებიც თვითნებური დასჯისგან დაცვის უფლებას [right not to be punished] გამოხატავს და სხვა ინდივიდუალური უფლებების შინაარსისგან დამოუკიდებლადაც ზღუდავს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ქმედების კრიმინალიზების უფლებამოსილებას. კერძოდ, ქმედების კრიმინალიზებისთვის:

  • ქმედება უნდა იწვევდეს ზიანს, რომელიც უმნიშვნელო [nontrivial] არ უნდა იყოს;
  • ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;
  • სასჯელი უნდა იყოს დამსახურებული;
  • სახელმწიფომ უნდა იკისროს მტკიცების ტვირთი კრიმინალიზების საჭიროებაზე და ზემოაღნიშნული სამ წინაპირობაზე ვარაუდებით არ იხელმძღვანელოს;
  • სახელმწიფოს მხრიდან ქმედების კრიმინალიზების მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური და არსებითი;
  • კრიმინალიზაცია პირდაპირ უნდა უწყობდეს ხელს ასეთი საჯარო მიზნის მიღწევას;
  • კანონი არ უნდა იყოს მიზნის მისაღწევად საჭიროზე უფრო ფართო.

შალვა ესართიას შემთხვევაში, ქმედება, რომელიც მხოლოდ პოლიციასთან ვერბალური კომუნიკაციითა და ბრალზე არდათანხმებით  შემოიფარგლა და არათუ ძალადობრივი, არამედ შეურაცხმყოფელი ხასიათიც არ ჰქონია, ვერ ჩაითვლება დანაშაულის ნიშნების შემცველ იმგვარ ქმედებად, რომელზეც სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება გამართლებული იქნებოდა. ამგვარი ქმედების კრიმინალიზება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოემსახურებოდა რაიმე საჯარო ზიანის, მით უფრო, არსებითი ზიანის პრევენციას. ამის ნაცვლად, აშკარაა, რომ ესართიას წინააღმდეგ წამოწყებული დევნა კრიტიკული ხმების ჩახშობის არალეგიტიმურ მიზნისკენ არის მიმართული და, ამდენად, ამ საქმეში დარღვეულია სისხლის სამართლის თეორიით ქმედების კრიმინალიზებისთვის დადგენილი ყველა წინაპირობა.

კონკრეტულ შემთხვევაში, კრიმინალიზების ეს წინაპირობები დაკმაყოფილებულიც რომ იყოს, პარლამენტმა ქმედების კრიმინალიზების მექანიზმი მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად, სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალებების ამოწურვის შემდეგ უნდა გამოიყენოს [ultima ratio პრინციპი].

თეორიაში არსებული ეს პრინციპები ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, სამართალდარღვევა არის პირის მიერ განხორციელებული იმგვარი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოების უმთავრეს ღირებულებებს, დამკვიდრებულ საჯარო წესრიგს, რომელთა დაცვის გარეშეც შეუძლებელია, იარსებოს პლურალისტულმა, დემოკრატიულმა და თავისუფალმა საზოგადოებამ. სასამართლოს თანახმად, “კრიმინალიზება შესაბამისი საზოგადოებრივი სიკეთეების, ლეგიტიმური მიზნების დაცვის რეალური და ობიექტური აუცილებლობის გარეშე […] ხელისუფლების ქმედებას აცლის კონსტიტუციურ საფუძველს […].“ მაშინაც თუ კრიმინალიზება შესაფერისი ზიანის აღკვეთას ემსახურება, საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტს დამატებით უწესებს ვალდებულებას, ის უკანასკნელ საშუალებად გამოიყენოს სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალებების ამოწურვის შემდგომ. ცხადია, პოლიციის თანამშრომლებთან კომუნიკაცია, როგორიცაა ბრალზე არდათანხმება საზოგადოების ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მისი კრიმინალიზება კონსტიტუციურ საფუძველს არის მოკლებული. პირიქით, ასეთი ქმედების დასჯა თავად არ არის თავსებადი პლურალისტურ, დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებასთან, რომლის დაცვასაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, სისხლის სამართალი უნდა ემსახურებოდეს.

კრიმინალიზების ზემოთ განხილულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წინაპირობებთან ერთად, შალვა ესართიას საქმეზე უგულებელყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს გამოხატვის თავისუფლების ის სტანდარტები, რომლებიც იცავს მიუღებელ და შოკისმომგვრელ აზრებსაც, მაშინაც თუ მათ საზოგადოებაში ვნებათა ღელვა შეიძლება გამოიწვიოს.  მაგალითად, საქმეზე, რომელიც სასამართლო დარბაზში მოსამართლის შეურაცხყოფის დასჯადობას ეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში დაუშვა, როდესაც ადგილი აქვს თავხედურ, უკიდურესად შეურაცხმყოფელ, საზოგადოების თვალში სასამართლო ინსტიტუტის დამაზიანებელი გამოხატვას და დაუშვებლად მიიჩნია უბრალოდ კრიტიკული მოსაზრების, ანდა თუნდაც ნეგატიური ეპითეტების გამოხატვისთვის პირის დასჯა, რადგან ის დასჯისთვის აუცილებელ სერიოზულობის, სიმძაფრისა და ექსცესიურობის ხარისხს ვერ აღწევს. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, “ხელისუფლების, მისი კონკრეტული წევრის ან მმართველობის ფორმის შეცვლის მოთხოვნა ვერ გახდება გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძველი,’’ თუ ის დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის განზრახვას და მის რეალურ საფრთხეს არ შეიცავს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა

არსებითად, შალვა ესართიას ქმედებების კრიმინალიზებას დაუშვებლად მიიჩნევს ევროპული სასამართლოც, პირველ რიგში, კონკრეტული უფლებების, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების კონტექსტში. კერძოდ, ევროპული სასამართლოს თანახმად, დასჯას, მით უფრო თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებებს, არ უნდა დაექვემდებაროს:

  • გამოხატვა, რომელიც არ ავრცელებს ძალადობას ან შუღლს, მაშინაც, თუ ის შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელია; ეს დაცვა ევროპულმა სასამართლომ გაავრცელა მათ შორის, ისეთ პერფორმანსებზე, როგორიც არის პრეზიდენტის სასახლეში ერთი ოთახის დაკავება და ფანჯრებიდან ანტი-სამთავრობო ბროშურების ჩამოყრა და კათედრალში პრეზიდენტის საწინააღმდეგო მესიჯის მატარებელი სიმღერის შესრულება.
  • შეკრების თავისუფლების წესების დარღვევა, თუ ის ძალადობრივი არ არის.

ზოგადად, ამ უფლებების მიღმაც, კრიმინალიზება, მისი “მსუსხავი ეფექტიდან” გამომდინარე მკაცრი სტანდარტით მოწმდება. მაგალითად, სასამართლო ითხოვს, რომ ნებისმიერი დასჯადი ქმედება ვიწროდ იყოს ფორმულირებული და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას არ ტოვებდეს.

ინდივიდუალური უფლებების მიღმა, შალვა ესართიას დასჯის თითოეულ ეპიზოდში დარღვეული იყო კონვენციის მე-7 მუხლის მოთხოვნებიც, რომელიც შესაბამისი კანონის გარეშე დასჯას კრძალავს. კანონის უკუძალითა და ანალოგიით გამოყენების აკრძალვების გარდა, კონვენციის მე-7 მუხლი კრიმინალიზებას უფრო შინაარსობრივ შეზღუდვებსაც უწოდებს. კერძოდ, კონვენცია დაუშვებლად მიიჩნევს დასჯას:

  • განუჭვრეტელი და წინააღმდეგობრივი კანონებით;
  • ცალსახად არაგონივრული სასამართლო განმარტებებით;
  • განზრახვის მენტალური ელემენტისა [mens rea] და უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობის გარეშე;

ამ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში, შალვა ესართიას პოლიციელის დაუმორჩილებლობა შეეფარდა განჭვრეტადობის პრობლემების მქონე კანონების საფუძველზე. პოლიციელის დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევისა და დანაშაულის განჭვრეტადობის პრობლემები ვერც სასამართლოებმა დააზღვიეს, და პირიქით, ცალსახად არაგონივრული განმარტებით პოლიციელთან ნებისმიერი კომუნიკაცია, მათ შორის, ბრალზე არდათანხმება დაუმორჩილებლობად შეაფასეს. ასეთი განმარტებისას, სასამართლოებმა სრულიად უგულებელყვეს პოლიციელების მოთხოვნის კანონიერების და პირის დაუმორჩილებლობის განზრახვის წინაპირობები. 2026 წლის 16 ოქტომბრის მორიგ რეპრესიული კანონმდებლობასთან კომბინაციაში კი აღნიშნულმა არაგონივრული განმარტებებმა გამოიწვია ის აბსურდული რეალობა, როდესაც თავად პრობლემური, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე და დაუმორჩილებლობის, ზიანის შემცველი შეურაცხყოფის განზრახვის მიუხედავად შეფარდებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა, განმეორების გამო და არა ზიანის მასშტაბის ზრდიდან გამომდინარე, ერთიდან ორ წლამდე დასჯად სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა.

სისხლის სამართლის კოდექსის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების აშკარა ტენდენცია საქართველოში

2024 წლიდან 2026 წლის მარტამდე სისხლის სამართლის კოდექსში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა და „ქართული ოცნების” პოლიტიკურ დღის წესრიგს, ინტერესსა და რიტორიკას სრულად აირეკლავს.

სისხლის სამართლის კოდექსში გატარებული ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, ახალი დანაშაულების დადგენას, ან არსებული სასჯელების გამკაცრებას ისახავდა მიზნად მეტწილად მიმართული იყო კრიტიკული აზრისა და პროტესტის კიდევ უფრო აგრესიულ კრიმინალიზების, ასევე გაზრდილი არალიბერალური რიტორიკის ფონზე ნარკოპოლიტიკის გამკაცრების, ასევე ლგბტქი ადამიანებისა და უცხოელებისა  უფლებრივი მდგომარეობის კატასტროფული გაუარესებისკენ.

უფრო ზუსტად, ამ პერიოდში მთლიანობაში გატარდა 24 საკანონმდებლო ცვლილება. საკანონმდებლო ცვლილებების პიკი 2025 წელს დაფიქსირდა, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 19 საკანონმდებლო ცვლილება გაატარა და საშუალოდ 2-3 კვირაში ერთხელ კოდექსში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ ცვლილებები შეჰქონდა.

2024-2026 (დღემდე) პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებების ჩაღრმავებული შინაარსობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ცვლილებების მხოლოდ 42% ატარებდა ნეიტრალურ შინაარსს და სხვადასხვა სფეროში (გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, არასრულწლოვნების უფლებების დაცვა, სხვა საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ ტექნიკური ცვლილებები) არსებული გამოწვევების დაძლევას ისახავდა მიზნად, დანარჩენი კი პირდაპირ თუ არაპირდაპირ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდა და მეტწილად დემოკრატიული სივრცის შეკუმშვას ემსახურებოდა. საკანომდებლო ცვლილებებიდან 21% უფრო მეტად პოლიტიკურ შინაარსს ატარებდა და პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მტრული გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად, თითქმის 17% ცვლილებებისა პროტესტის კრიმინალიზებისა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრებისკენ იყო მიმართული, 8% ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ისახავდა მიზნად, 8% – უცხოელების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას, 4% კი – ჰომო/ბი/ტრანსფობიული კანონმდებლობის ფონზე გატარებულ სპეციფიკურ სისხლის სამართლებრივ ცვლილებებს ატარებდა და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების კრიმინალიზების პირობებს ქმნიდა.

სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო პროცესების ნაწილია 2025 წლის 16 ოქტომბერს გატარებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პოლიციელის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს. იმ პირობებში კი, როცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი უკვე წლებია პროტესტის მონაწილეების თვითნებური და უკანონო დევნისა და სანქცირების იარაღად გამოიყენება, მისი კრიმინალიზების მექანიზმი ადამიანის თავისუფლების ხელყოფის უკიდურესად თვითნებურ და რეპრესიულ პირობას ქმნის.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების რაოდენობრივი და შინაარსობრივი ანალიზი აჩვენებს დრამატულ შემობრუნებას სამართლის სფეროში, როცა სისხლის სამართალი ხელისუფლების მიერ სულ უფრო ნაკლებად განიხილება როგორც უკიდურესი სამართლებრივი საშუალება (ultima ratio) და ის უფრო მეტად გარდაიქმნება პოლიტიკური მმართველობის ინსტრუმენტად. ამ პირობებში საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი სცდება დანაშაულთან პროპორციული რეაგირების ლოგიკას და მიმართულია პოლიტიკური ოპონირების, კრიტიკული აზრისა და სოციალური აქტივობის კონტროლისა და რეპრესირებისკენ. ამ პროცესში თვალშისაცემია მთლიანობაში სამართლის აგრესიული სეკურიტიზაციის ტენდენცია, რომელ რეალობაშიც პროტესტი, სამოქალაქო აქტივობა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობა განხილულია არა როგორც დემოკრატიისთვის აუცილებელი და ბუნებრივი პოლიტიკური ან სოციალური მოვლენა, არამედ „უსაფრთხოების რისკი“, რომელიც მკაცრ სამართლებრივ ჩარევას საჭიროებს.

ამასთან ცალსახაა, რომ კრიმინალიზაცია არსებულ სისტემაში აღარ არის ნეიტრალური და თანაბრად მიმართული ყველა ადამიანის მიმართ. პირიქით, ზემოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები განსაკუთრებულად კონცენტრირებულია კონკრეტულ ჯგუფებსა და აქტივობებზე,  მათ შორის პროტესტის მონაწილეებზე, პოლიტიკურ აქტორებზე, უცხოელებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. ეს მიუთითებს სელექციური და თვითნებური კრიმინალიზების პროცესზე, რომელიც არღვევს სამართლის თანასწორობის პრინციპს და აძლიერებს სახელმწიფოს შესაძლებლობას, მიზნობრივად აკონტროლოს “არასასურველი” სოციალური ჯგუფები.  ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, სექსუალური და გენდერული იდენტობის საკითხების კრიმინალიზაციისკენ მიმართული ცვლილებები და „ტრადიციული ღირებულებების“ რიტორიკა სწორედ ამგვარ პროცესზე მიუთითებს.

საინტერესოა იმის თქმაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ფორმალურად შენარჩუნებულია სამართლებრივი ჩარჩო და პროცედურები, ცვლილებების შინაარსი მიუთითებს არალიბერალური მიდგომების კონსოლიდაციაზე, რადგან ასეთ პირობებში, სამართალი აღარ ასრულებს ძალაუფლების შემზღუდავ ფუნქციას, არამედ პირიქით, თავად ხდება მისი განხორციელების ინსტრუმენტი, რომლის მიზანია  დემოკრატიული სივრცის მაქსიმალური შეკუმშვა. მსგავსი პრაქტიკა ასახავს არა სამართლის უზენაესობის (rule of law) პრინციპს, რომლის მიხედვითაც ყველა, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეები და თავად ხელისუფლება, ექვემდებარება სამართალს და არავინ დგას კანონზე მაღლა, არამედ “სამართლის მეშვეობით მმართველობას” (rule by law),  რომელშიც სამართალი გამოიყენება როგორც იარაღი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად, საზოგადოების კონტროლის და კრიტიკული ხმების დისციპლინირებისა და ჩახშობისთვის. „სამართლის მეშვეობით მმართველობა“ უარყოფს სამართლის უნივერსალურ, თანასწორ და სტაბილურ ბუნებას. ის კანონს მმართველი ელიტის თვითნებური ნების გამოხატულებად აქცევს, სადაც კანონები იქმნება არა სამართლიანობის ან საერთო სიკეთისთვის, არამედ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ამ რეალობაში მოქალაქეები კარგავენ საშუალებას დაიცვან თავი ხელისუფლების თვითნებობისგან, რადგან თავად სამართლებრივი სისტემა ხდება მათ წინააღმდეგ მიმართული.

საბოლოოდ კი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფართოება ქმნის არა მხოლოდ უშუალო სანქცირების მექანიზმს, არამედ  ე.წ. მსუსხავ ეფექტს [chilling effect] მოქალაქეებისთვის მათი პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის პროცესში. ამ პირობებში ადამიანები სულ უფრო მეტად იკავებენ თავს პროტესტში მონაწილეობისა და კრიტიკული აზრის გამოხატვისგან, შიშის გამო, რომ მათი ქმედება სისხლის სამართლის სფეროში შეიძლება მოექცეს.

შეჯამება

შალვა ესართიას დასჯა იმგვარი ქმედებისთვის, რომელიც არსებითად საკუთარი უფლებებით სარგებლობას წარმოადგენს და არანაირ ძალადობრივ ან შუღლის გამაღვივებელ ელემენტს არ შეიცავს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების არსს უგულებელყოფს. არსებითია, საქმის განმხილველმა მხედველობაში მიიღოს 2025 წლის 16 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსში გატარებული ცვლილებების აშკარად არაკონსტიტუციური შინაარსი და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მისი კონსტიტუციურობაზე დავისთვის.

ამასთან, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, შალვა ესართიას საქმე არ არის  უბრალოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევის მორიგი შემთხვევა და ის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების კრიტიკული ჯგუფების  დასჯისთვის ინსტრუმენტალიზების პრაქტიკასა და საქართველოში სამართლის სისტემის დემოკრატიული ბუნების შემობრუნების უმძიმეს ტენდენციას აჩვენებს“