ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში შეიქმნა პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“, რომელშიც „ქართული ოცნებიდან“ 8 წარმომადგენელი გაწევრდა.
„პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ მემარჯვენე-კონსერვატიული ჯგუფია და მასში შედიან ისეთი პარტიები, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ ბრიუსელის ცენტრალიზებულ პოლიტიკას, მაგალითად, ვიქტორ ორბანის „ფიდესი“.
ახალი ჯგუფის თავმჯდომარე ანა მაგიარია, რომელიც ვიქტორ ორბანის პარტიის, Fidesz-ის წევრია. ჯგუფი კავშირშია პოლიტიკურ ალიანსთან, რომელიც ორბანმა 2024 წელს ევროპარლამენტში დააფუძნა.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ფარგლებში სტრასბურგში ჩამოყალიბდა პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ (Patriots for Europe in Congress). ამით კიდევ უფრო ძლიერდება სუვერენისტი, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობა. ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ პოლიტიკოსთა კონგრესმა აღიარა პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, რომელიც წარმოდგენილია 29 დელეგატით 6 ქვეყნიდან.
ჯგუფში გაერთიანებულია:
-
7 წარმომადგენელი უნგრული Fidesz-KDNP-დან (მერები და ადგილობრივი წარმომადგენლები);
-
5 წარმომადგენელი იტალიური Lega-დან;
-
6 წარმომადგენელი ჩეხური ANO 2011-დან;
-
8 წარმომადგენელი „ქართული ოცნებიდან“ (საქართველო);
-
2 წარმომადგენელი ავსტრიული FPÖ-დან;
-
1 წარმომადგენელი ესპანური VOX-იდან.
ისინი ერთად მუშაობენ კონსერვატიული ღირებულებების ერთობლივი წარმომადგენლობისთვის, ერთმანეთს უცხადებენ სოლიდარობას და ურთიერთდახმარებას.
პოლიტიკურ ჯგუფს თავმჯდომარეობს ანა მაგიარი (Fidesz-KDNP), ვიცე-თავმჯდომარეები არიან რიჩარდ ვერესი (ANO 2011) და ნინო ვარდოსანიძე („ქართული ოცნება“), ხოლო ხაზინადარია ანდრეას რაბლი (FPÖ).
პრეზიდიუმში წარმოდგენილია ყველა ეროვნული წევრი პარტია. ახალი „პატრიოტული“ პოლიტიკური ჯგუფი, ფაქტობრივად, ევროპარლამენტში არსებული „პატრიოტები ევროპისთვის“ (Patriots for Europe) ჯგუფის „უმცროსი ძმაა“ და იმავე გზას მიჰყვება სტაბილური ღირებულებების დასაცავად დღევანდელ ტურბულენტურ, გაურკვეველ და სახიფათო მსოფლიოში.
ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ წარმატებას: ჩვენი ჩეხი წევრი, რიჩარდ ვერესი, არჩეულ იქნა ადგილობრივ პალატის ვიცე-პრეზიდენტად და ბიუროს წევრად, რაც ჩვენს ძალისხმევას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს“, – ნათქვამია პრესრელიზში.