მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი იგორ დოდონი და მოლდოვის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თბილისში იმყოფებიან.
როგორც იგორ დოდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, საქართველოს დედაქალაქში ის მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრის სტატუსით, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მისივე ცნობით, ვიზიტი ქართული მხარის მოწვევით ხორციელდება.
დოდონის მიხედვით, დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, სოციალისტთა პარტიის (PSRM) დეპუტატი ბოგდან ტირდეა.
შემადგენლობაში ასევე შედიან ამავე ჯგუფის წევრები: საპარლამენტო ფრაქციის „დემოკრატია სახლში“ თავმჯდომარე ვასილე კოსტიუკი, სოციალისტთა პარტიის დეპუტატი პეტრუ ბურდუჟა და საპარლამენტო ფრაქცია „ალტერნატივას“ თავმჯდომარის მოადგილე ოლგა ურსუ.
„მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის საპარლამენტო დიალოგის გაძლიერებას ჩაუყრის საფუძველს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელთან.
ვიზიტის მიზანია მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება, ასევე ურთიერთინტერესის სფეროებში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე, ურთიერთქმედების ახალი შესაძლებლობების გამოვლენა“, – წერს დოდონი სოციალურ ქსელში.
განახლება [15:02] პარლამენტმა გაავრცელა ინფორმაცია მოლდოვის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ.
მოლდოვური ორგანიზაცია WatchDog.MD-ის თავმჯდომარე ვალერიუ პაშა სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოლდოვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის დელეგაციის ვიზიტის პროგრამის ერთ გვერდს, რომლის მიხედვით, ვიზიტი 5 აპრილამდე გაგრძელდება და 2 აპრილს დაგეგმილია შეხვედრა „ოცნების“ დეპუტატ ისკო დასენთან, რომელიც საქართველო-მოლდოვის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეა. ასევე დაგეგმილია ტური პარლამენტში.
„სირცხვილი და სრული იმედგაცრუებაა ის, თუ როგორ შეიცვალა საქართველო რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის პირობებში! მოლდოვასთან ურთიერთობების იმიტაციის მიზნით მათ მოლდოვის პარლამენტიდან რუსული „კონსერვების“ დელეგაცია მოიწვიეს.
მას ხელმძღვანელობს მოლდოვაში კრემლის ალბათ ყველაზე ტოქსიკური პროპაგანდისტი — ბოგდან ტირდეა. წევრების უმრავლესობა აშკარად პრორუსი სოციალისტია, სხვები კი — კრემლის „კონსერვები“, რომლებიც თავს პროევროპელებად ასაღებენ“, – წერს ვალერიუ პაშა.
იგორ დოდონი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტია (2016–2020), რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრად პრორუსული პოზიციებით. ამჟამად ის მოლდოვის სოციალისტთა პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრია.
საქართველოში ჩამოსვლამდე ის მოსკოვში იმყოფებოდა.