კობახიძე: შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს და 1500 ახალ ვაგონს, ასევე, შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა აპირებს შეისყიდოს 50 ახალი ლოკომოტივი და 1500 ვაგონი.

„საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით, ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1 500 ახალ ვაგონს, დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა.

შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით, სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ქვეყნის სტუმრებისთვის. 2 მლნ-დან 5 მლნ-მდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი“, – თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, რკინიგზას დაემატება თბილისი – ქუთაისის მიმართულება, აგვისტოში კი დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთ-ნახევარი საათიდან შემცირდება 4 საათამდე.

„ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე“, – თქვა კობახიძემ.