ე.წ ДНР-ის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზსს დაუსწრებლად 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზსს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ДНР”-ის პროკურატურის თქმით, კობა ხაბაზზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის. როგორც ე.წ ДНР-ის პროკურატურის ოფისი იუწყება, პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სსკ-ის 359 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც „დაქირავებული მებრძოლის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობას” გულისხმობს. 

„დადგენილია, რომ 2022 წლის მარტში ხაბაზი პოლონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც დაქირავებულის სტატუსით შეუერთდა „ქართული ეროვნული ლეგიონს“. სასწავლო ბაზებზე მან გაიარა სამხედრო მომზადება, უზრუნველყოფილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით და 2026 წლის იანვრამდე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სხვადასხვა საბრძოლო შეხების წერტილებში. მის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის პერიოდში მიღებულმა ანაზღაურებამ 3.6 მილიონ რუბლს გადააჭარბა” – ნათქვამია ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურის განცხადებაში. 

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი კობა ხაბაზი გამოეხმაურა. ამ საკითხზე მან TV პირველთან ისაუბრა.

„დიახ, მე უნდა მისჯიდეს სასჯელს რუსეთის ფედერაცია, იმიტომ, რომ მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე ვარ მტერი იმ ქვეყნის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. დიახ მე ვიბრძოდი ქართულ ლეგიონში, ეს ჩემი სიამაყეა და ყოველთვის ვიბრძოლებ, იმიტომ, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს უკრაინა. ეს არის ჩემთვსი საამაყო, რომ ვიბრძოდი უკრაინის მხარეს, ეს იყო ჩემი ვალი ანწუხელიძის წინაშე, ძმები რომელაშვილებსი წინაშე, ეს იყო ვალის გადახდა იმ ქართველი მებრძოლების წინაშე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ” – ამბობს კობა ხაბაზი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.