ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას უნივერსიტეტების ავტონომიის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიური მმართველობის დაცვისკენ.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
„ეს მოიცავს უმაღლესი განათლების სისტემის 2025 წლის ბოლოს წარმოდგენილ რეფორმის ეროვნულ კონცეფციას, ასევე ბოლო თვეებში მიღებულ შემდგომ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ზომებს. ეს ინიციატივა ითვალისწინებს ფუნდამენტურ რესტრუქტურიზაციას, რომელსაც ქვეყნის საჯარო უნივერსიტეტებისთვის ღრმა და გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს და, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს სექტორის იზოლაცია ევროპულ სივრცეში.
რეფორმა მართლაც მასშტაბურია და მოიცავს მრავალ განზომილებას, მათ შორის, გეოგრაფიული და დისციპლინური სტრუქტურის სიღრმისეულ რეორგანიზაციას, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების სტანდარტიზაციას, სასწავლო გეგმებისა და საგანმანათლებლო მასალების გადახედვას, აკადემიური პერსონალის სტატუსისა და ანაზღაურების ცვლილებებს, უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა ადგილების შრომის ბაზრის ანალიზზე დაფუძნებულ გადანაწილებას და დაფინანსების მოდელის გადახედვას „სახელმწიფო საჭიროებების“ საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ EUA აღიარებს სახელმწიფოს როლს სისტემის მართვაში, რეფორმების ინიცირებაში, ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პოლიტიკის მიმართულებების წახალისებაში, რეფორმის პროცესები უნდა ეფუძნებოდეს არსებით პრინციპებს. ისინი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. გარდა ამისა, აუცილებელია, ყველა დაინტერესებული მხარისა და იმ ინსტიტუციების ჩართულობა, რომლებზეც რეფორმას შეიძლება გავლენა ჰქონდეს.
სარეფორმო პროცესები ასევე უნდა ითვალისწინებდეს გარდამავალ პერიოდებს, რომლებიც საშუალებას მისცემს, საჭიროებისამებრ შეფასდეს და ადაპტირდეს სამოქმედო კურსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც შემოთავაზებულ ზომებს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ან დიფერენცირებული გავლენა ცალკეულ ინსტიტუტებზე ან მათ აკადემიურ პროფილებსა და გრძელვადიან განვითარებაზე. უმაღლესი განათლების სისტემაში ისეთი მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებები, როგორიც საქართველოშია წარმოდგენილი, მოიცავს შორსმიმავალ და რთულად პროგნოზირებად შედეგებს. შესაბამისად, ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულად ფრთხილ განხილვას, რადგან მათი შედეგები შესაძლოა ძნელად უკუქცევადი იყოს.
ბოლო 25 წლის განმავლობაში EUA მხარს უჭერს ევროპულ უმაღლესი განათლების სექტორს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევისა და შესაძლებლობების განვითარების გზით. კერძოდ, ასოციაციამ შეისწავლა სახელმწიფოსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობა ევროპული უნივერსიტეტების ავტონომიის ინდექსის (Autonomy Scorecard) ფარგლებში. წარმატებული რეფორმები, როგორც წესი, აძლიერებს ინსტიტუციურ ავტონომიას, მრავალფეროვნებასა და ინტერდისციპლინურ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ევროპული სისტემა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას, რაც საქართველოში იკვეთება, ბოლო პერიოდის რეფორმები სხვა ევროპულ ქვეყნებში არ ითვალისწინებდა დისციპლინური სფეროების ასეთი მასშტაბის შემცირებას. ეს შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ინსტიტუციურ ეფექტიანობას, მდგრადობასა და ავტონომიას. საქართველოს რეფორმის ზოგიერთი ელემენტი ამ მხრივ შეშფოთებას იწვევს.
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ასპექტია „რაციონალიზაციის“ მასშტაბური მცდელობა, რომელიც უნივერსიტეტების მეტად სპეციალიზებულ უმაღლესი განათლების მიმწოდებლებად გარდაქმნას გულისხმობს, მნიშვნელოვნად შემცირებული აკადემიური პროფილებით. ისეთი ზომები, რომლებიც არსებითად ზღუდავს პროგრამების სპექტრს, რომელსაც უნივერსიტეტები შეძლებენ შესთავაზონ, შეზღუდავს მათ შესაძლებლობას შეინარჩუნონ ყოვლისმომცველი აკადემიური გარემო და ინტერდისციპლინური თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ EUA ხელს უწყობს უნივერსიტეტებს განსაზღვრონ საკუთარი სტრატეგიული პროფილები, ეს ყოველთვის უნდა განხორციელდეს ისე, რომ შენარჩუნდეს და გაღრმავდეს ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის შეთავაზება. „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ კონცეფცია ასევე შეიცავს რისკს, რომ დასუსტდეს უნივერსიტეტის სამი ძირითადი მისიის – კვლევის, სწავლებისა და საზოგადოების წინაშე მსახურების – შორის არსებული ურთიერთკავშირი.
რეფორმის გავლენა საქართველოს უნივერსიტეტების სექტორზე განსხვავებული იქნება. ზოგ შემთხვევაში შედეგები იქნება ღრმა და ხანგრძლივი, რაც პირდაპირ იმოქმედებს ინსტიტუციის იდენტობაზე, ექსპერტიზასა და აღიარებაზე. რეფორმა არა მხოლოდ ცენტრალიზებულ კონტროლს ითვალისწინებს აკადემიურ პროგრამებსა და სტუდენტთა ყოველწლიურ კვოტებზე, არამედ ასუსტებს ინსტიტუციურ მმართველობასა და სტრატეგიულ დაგეგმვას იმ დროს, როდესაც უნივერსიტეტებს განსაკუთრებით სჭირდებათ სტრატეგიული ავტონომია თანამედროვე რთულ გამოწვევებთან და „პოლიკრიზისთან“ გასამკლავებლად.
აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია აუცილებელია უნივერსიტეტებისთვის თავიანთი მისიების შესასრულებლად და ცოდნის ეკონომიკის განვითარებისათვის. EUA ასევე ხაზს უსვამს, რომ ინტერდისციპლინური მიდგომები უფრო ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს საზოგადოებრივი გამოწვევების გადასაჭრელად უნივერსიტეტის სამივე მისიაში, როგორც ეს ასახულია ჩვენს 2030 წლის ხედვაში – „უნივერსიტეტები კედლების გარეშე“. დასასრულს, ასოციაციას აუცილებლად მიაჩნია, რომ სტრუქტურული რეფორმები თანხმდებოდეს ფართო, შინაარსობრივ კონსულტაციებსა და რეკალიბრაციას. ეს ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ რეფორმები იყოს მიზანშეწონილი, რეალისტური, პროპორციული და შეესაბამებოდეს როგორც უმაღლესი განათლებისა და კვლევის სექტორის, ისე ფართო საზოგადოების ინტერესებს.
EUA რჩება საჯარო დებატებში მონაწილეობის ერთგული და ასოციაციის მმართველი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ჩაერთოს დიალოგში საქართველოს ეროვნული ხელისუფლებებისა და უმაღლესი განათლების საზოგადოებასთან, შედარებითი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის გაზიარების გზით, როგორც ამას იგი მრავალი ევროპული რეფორმის პროცესში აკეთებდა” – ნათქვამია 9 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.