ქოც-ნაცობაში გაჭედილები: როცა პოლიტიკური ბრძოლა ადამიანის ღირსებაზე გადის

პუბლიკა

ავტორი: მარი კორკოტაძე

საქართველოს პოლიტიკური ველი წლებია, ერთგვარ ჩაკეტილ წრედ იქცა, სადაც მთავარი მიზანი ოპონენტის განადგურებაა. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი კი ყველაზე ხშირად ეთიკა და ადამიანის ღირსებაა. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გამოყენებულმა ტერმინმა „პოლიტიკური აუტიზმი“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. ეს ფრაზა მანამდე სხვებმაც გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ იმ სხვების ბოდიშმა არ იმუშავა – დღეს იგივე წავიკითხეთ ნიკა გვარამიას პოსტში.

ბრჭყალებში დამალული სტიგმა

ხშირად გვესმის თავდაცვითი არგუმენტი: „ეს ხომ მეტაფორაა“, „ბრჭყალებში ხომ მიწერია“, „პოლიტიკურ კონტექსტში ვიყენებ“. თუმცა, სიმართლე ბევრად უფრო მარტივი და მწარეა: როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობას, კონკრეტულ დიაგნოზს იყენებ ვინმეს „ქცევის“ ან „სიჯიუტის“ ხაზგასასმელად, შენ ამით ამბობ, რომ ეს დიაგნოზი არის რაღაც ნაკლოვანი, სამარცხვინო და სალანძღავი.

აუტიზმი არ არის მეტაფორა. აუტიზმი არის მდგომარეობა ათასობით ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, მათი ოჯახებისთვის კი – ყოველდღიური ბრძოლა ინკლუზიისთვის. როცა პოლიტიკოსი ამ სიტყვას იარაღად აქცევს, ის სწორედ ამ ადამიანების სტიგმატიზებას ეწევა.

პოლიტკორექტულობა თუ ელემენტარული ადამიანობა?

იმის მტკიცება, რომ ეთიკურობის მოთხოვნა „სტერილური პოლიტკორექტულობაა“, რომელიც „ფაშიზმს შობს“, არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა. პოლიტკორექტულობა არ ნიშნავს აზრის გამოთქმის აკრძალვას. ის ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც ლიდერს, არ გყოფნის განათლება და ლექსიკური მარაგი, საკუთარი პოზიცია სხვისი შეურაცხყოფის გარეშე გამოხატო.

ფაშიზმი სწორედ იქ იწყება, სადაც  ნორმად იქცევა ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მარგინალიზაცია და მათი მდგომარეობის დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება.

ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ბლოგი მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება. უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. „ქართული ოცნების“ რიტორიკაში დიდი ხანია, დამკვიდრდა პრაქტიკა, როდესაც ნებისმიერ საწინააღმდეგო აზრს „ფსიქიკურ გაუწონასწორებლობად“ და „ემოციურ არამდგრადობად“ ნათლავენ. ამით ისინი ცდილობენ, მოქალაქის პოზიციას ფასი დაუკარგონ – თითქოს, თუ ადამიანი ემოციურია ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მისი აზრი აღარაფერს ნიშნავს. აქ მახსენდება პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დამამცირებელი ტონი, როდესაც ის ნიკა გვარამიას ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასცინოდა.

ჩვენ, ასევე, გვახსოვს შემზარავი ფაქტი, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატი საკუთარ შვილს ფსიქიატრიული დიაგნოზით „აშავებდა“ – ეს სწორედ მათი ხელწერაა. არც კალაძე ჩამორჩა ამ ტრადიციას, როცა ძაღლების სავარაუდო დახოცვით შეწუხებული დემონსტრანტების პროტესტს „შიზოფრენიული“ უწოდა, ხოლო პაპუაშვილი მათ „ემოციურად არამდგრადებად“ მოიხსენებდა. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, მოქალაქეები დიაგნოზების მიკერებით მარგინალიზებულ ჯგუფად აქციონ.

საერთაშორისო სტანდარტი და ჩვენი „ევროპულობა“

დასავლეთში პოლიტიკოსის მიერ „აუტიზმის“ მეტაფორად გამოყენებას ყოველთვის მოჰყვება:

  • საჯარო ბოდიში;
  • რეპუტაციული ზიანი;
  • პოლიტიკური ფასის გადახდა.

ევროპული ოჯახი არ არის მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება, ის არის ღირებულებათა სისტემა, სადაც ენა ინკლუზიის ინსტრუმენტია და არა გარიყვის. შეუძლებელია ისწრაფოდე ევროპისკენ და ამავდროულად იყენებდე ეიბლისტურ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულ) რიტორიკას.

როგორ დავუსვათ წერტილი „გატარებას“?

იმისათვის, რომ ეს შემთხვევა სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელი გახდეს, ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა შევქმნათ რეპუტაციული შიში:

  • ნულოვანი ტოლერანტობა: ნუ „გაატარებთ“ მსგავს ფრაზებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკოსი თქვენს „ბანაკშია“. სტიგმას ბანაკები არ აქვს.
  • მოთხოვნა პარტიებს: პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთი ლიდერის არაეთიკური გამონათქვამი აზიანებს მთელ გუნდს. და სანამ ის არ გაემიჯნება მსგავს გამონათქვამს, მანამდე ის მის მხარდამჭერად მოიაზრება. 
  • საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება: ევროპელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რას ქადაგებენ მათი „პროგრესული“ ქართველი კოლეგები შინ.

სანამ პოლიტიკური კლასი არ ისწავლის, რომ ადამიანის ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი „მოსწრებული“ ფრაზა, ჩვენ დავრჩებით „ქოც-ნაცობის“ იმ ორმოში, სადაც ერთმანეთს დიაგნოზებით ვებრძვით. დროა დავასრულოთ ეს მავნე პრაქტიკა. პოლიტიკოსებს უნდა ეშინოდეთ არა ცენზურის, არამედ საკუთარი გაუთვითცნობიერებლობის, და იმ საზოგადოების, რომელიც საკუთარი ღირსების შელახვას არავის აპატიებს.