საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) გარიცხეს

პუბლიკა

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) გარიცხეს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის მმართველმა კომიტეტმა მიიღო. წევრობის საბოლოოდ შეჩერებას წინ უძღოდა 2024 წლის ოქტომბერში დაწყებული განხილვის პროცესი, როდესაც საქართველოს წევრობა დროებით შეუჩერეს და მოუწოდეს, გადაედგა ნაბიჯები სამოქალაქო სივრცის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დასაცავად. 

„2026 წლის მარტის მდგომარეობით, მთავრობას ამ პრობლემების მოგვარების გეგმა არ წარუდგენია. დამოუკიდებელი შეფასებებით, ქვეყანაში კვლავ გრძელდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური შეზღუდვები მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის. მმართველმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ OGP-ში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები აღარ არსებობს“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ პარტნიორობა ეფუძნება მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას, რაც საქართველოში ამჟამად შეუძლებელია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში, პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, საქართველო კვლავ შეძლებს ორგანიზაციაში დაბრუნებას. 

ამ ფაქტს ხუთი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გამოეხმაურა საერთო განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ OGP-ის ამ გადაწყვეტილებით დასტურდება, საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები.

„ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დაფინანსებაზე და ცდილობს მათი საქმიანობის შეზღუდვას „გამჭვირვალობის“ სახელით; მეორე მხრივ კი, თავად ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროში და ამის გამო კარგავს წევრობას ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული“, – ვკითხულობთ განცხადებაში.