საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავოდ იყო გამხდარი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლები, იძულებითი მკურნალობის გამოყენებაზე სასამართლოს უფლებამოსილება და იძულებითი მკურნალობის ვადა.
სახალხო დამცველის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით, წინაპირობებითა და მიზნებით არ განსხვავდება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით იგი მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებს.
ობუდსმენის პოზიციით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს პაციენტი ვერ სარგებლობს თავისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალებით შეფასების ქმედითი მექანიზმით და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შესაძლებლობით.
ასევე პრობლემაა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივი ვადები და შესაბამისი პროცედურული გარანტიების არარსებობა, რა დროსაც პირი, შესაძლებელია, იძულებით მკურნალობას დაექვემდებაროს მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნულის საჭიროება.
სახალხო დამცველის შეფასებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება,ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც რეალურად უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია.
სასამართლომ ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით ობიექტური და მიუკერძოებელი შემოწმების პროცესის, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიციირებისა და სათანადო სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.
„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები აღარ საჭიროებდა დამოუკიდებლად შეფასებას თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. იმავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად“, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე.