„მითიური ოტო - ვყვები იმას, რაც ზუსტად ვიცი“ - ინტერვიუ შსს-ს ყოფილ თანამშრომელთან

პუბლიკა

27 აპრილს „მისმინეს” youtube არხზე შსს ყოფილ თანამშრომელთან ეკა კვესიტაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

გიორგი ირემაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, ვიცე-პოლკოვნიკი [თადარიგის], ბოლო წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს.

სისტემა 5 წლის წინ დატოვა. შსს-ში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო და ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, ოპერატიულ თანამშრომლად, დაზვერვაში, ორგანიზაციული დანაშაულის მიმართულებით, კრიმინალურ განყოფილებებში, გენერალურ ინსპექციაში და სხვა.

გიორგი ირემაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემაში განაცხადა, რომ ის მზად არის მოჰყვეს ამბები „მითოსური ოტოს შესახებ” და ჰყვება იმას, რაც ზუსტად იცის.

[ე.წ. ოტო – ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს].

„ამან [მოსმენებმა] ისეთი მახინჯი ფორმები მიიღო, უკვე დროა, მასზე ვისაუბროთ”, – განაცხადა ირემაძემ.

ირემაძემ გადაცემის დასაწყისში მოსმენების დეპარტამენტის ისტორია მიმოიხილა.

მისი თქმით, შევარდნაძის დროს მოსმენებისთვის რესურსი ძალიან მწირი იყო. ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სრულფასოვანი ოტო შეიქმნა, ლიცენზირებული აპარატურით.

პოლიცია მოსმენაზე ნებართვის მისაღებად პროკურორს მიმართავდა, პროკურორი კიდე სასამართლოსგან იღებდა შუამდგომლობას. მისი თქმით, ენმ-ის მმართველობის დროს ფორმალურად ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა, რადგან პროკურატურა და სასამართლო მაშინაც ერთი ვერტიკალი იყო, პოლიციას შუამდგომლობებზე თითქმის არასოდეს ეუბნებოდნენ უარს.

„შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებდა პროკურორი და ცხადია, მოსამართლეც გაძლევდა განჩინებას. განჩინებით ოტოში მიდიოდი და გირთავდნენ ნომერს. ნებართვა დაახლოებით 3-თვიანი იყო.

ნებისმიერ პროკურორსა და მოსამართლეს შეეძლო შუამდგომლობაზე უარის თქმა, თუმცა…

ვისაც მაშინ პროკურატურასა და სასამართლოში უმუშავია, აბსოლუტურად ყველას ხელი აქვს მოწერილი ეგეთ შუამდგომლობაზე და მოსამართლეები კიდე, ვინც სისხლის სამართლის კოლეგიაში მუშაობდნენ, ეგეთ ბრძანებებზე აწერდნენ ხელს.

ესეც არ იყო ნორმალური, ესეც არ იყო გამართლებული, თუმცა [მოსმენების] კანონიერი საფუძველი არსებობდა”, – ამბობს გიორგი ირემაძე.

 

ოტო ქართული ოცნების მმართველობის პირობებში

გიორგი ირემაძის თქმით, 2012 წელს „ქართული ოცნება” უკანონო მოსმენების პრაქტიკის აღმოფხვრის დაპირებით მოვიდა, თუმცა „სინამდვილეში უკანონო მოსმენები „გაალევეს“.

მისი თქმით, შეიქმნა ორი ოტო, ლეგალური, რომელსაც სჭირდებოდა სასამართლოს ნებართვა, მეორე კი უკანონო, სადაც „ოტოშნიკს“ ნომრის მოსმენაზე ნებართვის მისაღებად მხოლოდ უფროსის თანხმობა სჭირდებოდა.

მისი თქმით, უკანონო მოსმენებზე დასაქმებული „ოტოშნიკები” მუშაობდნენ მოდულის შენობაშივე, ასევე შსს სამინისტროს -1 სართულზე, ქალაქის სამმართველოს მე-6 სართულზე, ფინანსურ პოლიციაში [უნივერსიტეტის ქუჩაზე] თავისი ოტო აქვს აჭარასაც.

როგორ გამართლდა სისტემის შიგნით „ლევი ოტოს” შექმნა?

მისი თქმით, ოტოს შენარჩუნება გამართლდა „ამნისტიით”, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე ასობით პატიმარი გაათავისუფლა, გიორგი ირემაძის თქმით, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, იყო სულ „სროლები და დაჭრები”.

დანაშაულის სტატისტიკა, რომ არ გაუარესებულიყო საჭირო იყო მოსმენა, თუმცა ამას პროკურატურისა და სასამართლოს შუამდგომლობით, ანუ ფორმალური ნაბიჯების დაცვით ვერ გააკეთებდნენ, რადგან გამოჩნდებოდა, რომ ენმ-ის მიდგომები არ შეცვლილა.

ერთი ხელით მოსმენებზე ლეგალურად ნებართვის მიღების სტანდარტი გააუმჯობესეს, მეორე ხელით კი შექმნეს არალეგალური ოტო, რომელიც პროკურატურისა და სასამართლოს ნებართვის გარეშე უსმენდა ხალხს, რაც აიხსნა „დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვით, თუმცა მერე დარჩა და დარჩა”.

 „ახსნა იყო ის, რომ ეს იყო დროებითი, სანამ ის [დანაშაულის სტატისტიკა] დასტაბილურდებოდა, მანამდე. მოდით, იყოს ეს გალევებული ოტო. თან ახალი მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში, ჰქონდათ რეიტინგი, ვინ მოედავებოდათ?!

ასე დაიწყო და მერე დარჩა და დარჩა…”.

მისი თქმით, პოლიტიკური მოსმენები არ შეწყვეტილა არცერთი დღით. სუსმა გააგრძელა პოლიტიკური მხარე – ოპოზიციონერების, ცნობადი სახეების – მსახიობების, ხელოვანი ხალხის, უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროფესიული წრეების მოსმენა; განათლების სისტემიდან – სკოლის დირექტორების, უნივერსიტეტების რექტორების [ეს ჰქონდა სუსს].

შსს კი, ძირითადად უსმენდა დანაშაულს.

რამდენი მომხმარებლის მოსმენა შეუძლია ოტოს ერთ თანამშრომელს?

გიორგი ირემაძემ ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

მაგალითად, ირემაძემ თქვა, რომ დღის განმავლობაში რასაც ოტოშნიკი უსმენს, ჯერ ბლოკნოტში იწერს, საღამოს ადის და კომპიუტერზე ბეჭდავს, ეს მოხსენება კი შედის უფროსთან მიმართულების მიხედვით.

მისი თქმით, ერთ თანამშრომელს შეუძლია ხარისხიანად მოუსმინოს 20 აბონენტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 20 ტელეფონს უსმენს მარტო, თითოეული აბონენტი დღის განმავლობაში უკავშირდება საშუალოდ 5-6 ადამიანს და ვისაც უკავშირდებიან იმასაც უსმენენ.

„50, 000 ადამიანის მოსმენის რესურსი არსებობს. ეს არის მინიმუმი. ალბათ გაზრდილი იქნება ეს რესურსი. 20 ნომრის მოსმენა მინიმალური ოდენობა იყო. ხშირად ყოფილა, რომ 100 ნომერსაც უსმენს ერთი ოტოშნიკი.

ეს არის ურთულესი საქმე, ხალხს ჰგონია შენ უბრალოდ ყურსასმენი გიკეთია და უსმენ ვიღაცას, რაღაცას რომ ლაპარაკობს. ფსიქოლოგიურადაც ურთულესი საქმეა მოსმენა. თვეების განმავლობაში უსმენ ვიღაცას, იმ ვიღაცის გარშემო უსმენ ოჯახის წევრებს, ვიღაცის წრეს. ფაქტობრივად პიროვნების გაორება გიხდება, იმის ცხოვრებით ცხოვრობ.

12 საათი დღის განმავლობაში ამ პიროვნებას უსმენ, მის ოჯახის წევრებს – სად გადაადგილდება, რით ცხოვრობს, რა მესიჯები შემოდის, ბარათი სად გაატარა და ა.შ. შენ გყავს ერთი, ორი, სამი ობიექტი და თვეების განმავლობაში ცხოვრობ ამათი ცხოვრებით.

ზოგიერთი ობიექტი წელიწადია ჩართული და, როგორც წესი, ასეთი აბონენტი ბევრი თვის განმავლობაში ჰყავს ერთსა და იმავე ადამიანს.

მერე უკვე აღარც გჭირდება მთლიანად მოსმენა, ნომერს რომ შეხედავ შენი აბონენტის, უკვე იცი, იმან რაზე უნდა ისაუბროს, იმ დონეზე ცხოვრობ იმის ცხოვრებით – უკვე იცი, რა თემაზე ისაუბრებენ.

მით უმეტეს ძალიან ბევრ პირად ინფორმაციას იღებ და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. ოტოშნიკები ურთულეს სამუშაოს ეწევიან. გამართლებას კი არ ვაძლევ უკანონო მოსმენებს, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ურთულესი სამუშაოა. ადვილი საქმე არ არის”, – განაცხადა გიორგი ირემაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით რთულია ვრცელი საუბრების მოსმენა.

„საათნახევრიანი საუბრები ურთულესი მოსასმენია, იქიდან ერთი, ორი სიტყვა უნდა დაიჭირო, რომ ცნობაში დასაწერად გამოგადგეს“, – ამბობს ირემაძე.

მისივე თქმით, მოსმენებში მონაწილეობს სუსის ყველა დეპარტამენტი, დანაწილებული აქვთ სექტორების მიხედვით, ვინ რომელ მიმართულებას უნდა მოუსმინოს.

არიან რეგიონის ოტოშნიკები, ყველა რეგიონს ცალ-ცალკე ჰყავს რამდენიმე ოტოშნიკი. არის კიდე ორგანიზებულ დანაშაულთან და ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახური, რომელსაც თავისი ოტოშნიკები ჰყავს, ესენი ერთ სივრცეში არიან.

„შიგნით არაფერი შეაქვთ, არც ტელეფონი. სკანერით გჩხრეკენ, რომ შიგნით არაფერი გადაიღო, არაფერი გამოიტანო. მხოლოდ ბლოკნოტი და კალამი. გარეთ ყველა გამოდის სიგარეტის მოსაწევად, დასასვენებლად. „კურილკა” მოდულშიც არის, ოტოს წინ ბალკონია. ვინც ადრეა ნამუშევარია, ეგ ბალკონი და უკანა ეზო ყველას ახსოვს.

გამოდიან და ყველა ჰყვება თავის ამბებს. ჩემმა ობიექტმა ასე ქნა, ჩემმა – ისე. ყველა ყველაფერს იგებს იქ. სახლის მაგივრად დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ სამსახურში – ამ სამსახურის სპეციფიკა ასეთია. უფროსებსაც მოსწონთ, რომ შენ უნდა იყო სულ სამსახურში.

ამ სამსახურში რა უნდა გააკეთო, მიდის ჭორაობა და მთელი საქართველოს ამბები იქ ირჩევა“.

ოტოშნიკს არ ამოწმებს უფროსი“

 სუსის კრებსებში მტყუან-მართალი არეულია. მანდ ადამიანური ფაქტორი აღსანიშნავია, ხალხმა შეიძლება მიიღოს, რომ ეს 100%-იანი სიმართლეა, რა თქმა უნდა, კრებსები ნამდვილია, მაგრამ გასათვალისწინებელია ადამიანური ფაქტორი.

ეს ოტოშნიკი რომ მოუსმენს, სანამ აიტანს, მაგის გადამმოწმებელი არავინ არის. მე რომ ვბეჭდავ, ცნობას უფროსს ვაძლევ, ის არ ჩამოვა დაბლა, არავინ გადაამოწმებს ის საუბარი შედგა თუ არ შედგა. ის უფროსი კომფორტული კაბინეტიდან არ ჩავა -1 სართულზე, მიკროფონს არ გაიკეთებს და არ დაიწყებს ამ 20-წუთიანი საუბრის მოსმენას.

ოტოშნიკს შეუძლია ინდივიდუალურად რაღაც შეცვალოს, მოაკლოს, პირად განწყობაზეა – ვისთან რა დამოკიდებულება აქვს. შეიძლება ელემენტარულად ნაბახუსევი მოვიდეს. ოტოშნიკებს საღამოს დალევა რომ უყვართ, არც ეგ არის საიდუმლო. ვთქვათ, დაიღალა და მოკლედ დაწერა რაღაც, ვიღაცას ტყუილი მოუგონა. ან ოტოშნიკს ხშირად ეუბნებიან, რომ ჩართული აქვს ვიღაცის ნომერი, უნდათ, რომ იქ რაღაც უნდა მოისმინონ, ყოველდღე ეკითხებიან – არაფერი თქვა, ბიჭო, დავიჯერო არაფერი ილაპარაკა. ათჯერ რომ ეტყვიან, ესეც დაიღლება, დაწერს რაღაცას და ეტყვის – აი, ეს თქვა. მერე იმას არავინ ამოწმებს. ამიტომ მანდ მტყუან-მართალი აზელილია“, – ამბობს გიორგი ირემაძე.

სასტუმროები და პირადი ცხოვრება…

 მისივე თქმით, თუ მოსმენისას პირადი ცხოვრების დეტალები „ამოვარდა“, მუშაობას ოპერატიული სამსახური აგრძელებს.

„კამერების დაყენება, დამონტაჟება და ა.შ. ვთქვათ ორი ადამიანი სასტუმროში კონფიდენციალურ შეხვედრაზე შეთანხმდა.

ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ „პირდაპირზე“ არ უნდა ილაპარაკონ. შეიძლება ოპოზიციონერმა არ თქვას, მაგრამ თქვას ცოლმა, ან მძღოლი ჰყავდეთ ჩართული ან დაცვა. დაცვის სამსახური იტყვის და ამათ უკვე აქვთ ინფორმაცია.

გამონაკლისი სასტუმროების გარდა, სუსს ყველა სასტუმრო ჩაბმული ჰყავს, ვთქვათ, უშიკასთან ვერ მივლენ, ოთახი გამოგვიყავიო. ვინმე თუ შემოვა, კამერა უნდა დავაყენოთ შიგნით.

ძირითადი ბრენდები რაც არის, დაცვის სამსახურის უფროსები ყველა მიბმული ჰყავთ. წინასწარ რეკავენ, ერთ ნომერს ამზადებინებენ, რომ უნდა შევიდნენ გამზადებულ ნომერში. ზუსტად 5 წუთი სჭირდება ოტოს სპეციალისტებს, რომ ოთახში ჩამწერები დააყენონ და იწერენ ყველაფერს.

დაცვის სამსახურის უფროსები, როგორც წესი, ძალოვნებთან კონტაქტზე არიან. ეს უფროსებიც ხშირ შემთხვევაში ყოფილი თანამშრომლები არიან სამართალდამცავი უწყებებიდან. ყველა თანამშრომლობს გამონაკლისის გარეშე. არავინ თქვას, რომ რომელიმე დაცვის უფროსი გამოვა და სუსს უარს ეტყვის რამეზე”, – ამბობს ირემაძე.