ბერიძე: „დღეს ჩვენი სასამართლოა, რეალურად ეს ამ ქვეყნის სასამართლოა, გამოჩნდება რამდენად დაშინდება მოსახლეობა“

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირების საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე სათათბიროდ გავიდა. სასამართლომ დღეს ბრალდებულების საბოლოო სიტყვები მოისმინა.

პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაშა ბერიძემ:

„მედავებიან აქციის ორგანიზატორობას, არანაირი მტკიცებულება პროკურატურას არ წარმოუდგენია გარდა ერთი სურათისა, ტრიბუნაზე ვიდექი, ტრიბუნაზე ჩემს გარდა 50 კაცი იდგა და 60 განცხადება გააკეთეს… არცერთი მოწმე, არცერთი მტკიცებულება, არცერთი შესწავლილი მასალა არანაირად არ მიუთითებს არათუ ჩემ მიერ ძალადობის ორგანიზებაზე, არამედ რაიმე მონაწილეობაზეც კი, ეს მთლიანად პოლიტიზირებული პროცესია.

ალბათ გაგვიჭირდება თქმა რას ემსახურება ეს პოლიტიკური პროცესი მაგრამ, ამ პოლიტიკური პროცესის მთავარი არსი ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მოუნდება ჩვენი კონსტიტუციური უფლების გამოყენება – გააპროტესტოს მთავრობსი ქმედება, გაუკეთოს ორგანიზება პროტესტს… მთლიანად ეს პროცესი ემსახურება დაშინებას, თუ ვინმე პროტესტის ორგანიზებას გადაწყვეტს ამ ხალხს უნდა ეშინოდეს რომ მათ ელოდებათ მძიმე სასჯელი, მძიმე და გრძელვადიანი, არაბუნებრივი …

სსკ-ის 225 მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) არის სრულიად არაბუნებრივად შემოტანილი და ემსახურება ერთადერთ რამეს – ჩვენს დაშინებას, ემსახურება საქართველოში მოსახლეობის დაშინებას, რომ ჩაუქრონ პროტესტის მუხტი თუ ასეთი აქვთ და ამის შიშით, არ გაუჩნდეთ პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ ნებისმიერ საქმეში…

პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტიელბაა ეს, გარდა იმისა, რომ მცდარია სამართლებივად, იმიტომ რომ თუკი ადამიანის [აქვს] პროტესტის განწყობა, ხანგრძლივი პროტესტის, როგორც ეს საქართველოშია ის მაინც მივა მიტინგზე, უბრალოდ [პროტესტი] შეიცვლება, ის ადამიანი იფიქრებს რომ მე რაც არ უნდა გავაკეთო ამ პროტესტზე რანაირი მშვიდობიანი მოწოდებაც არ უნდა [მქონდეს], რანაირ მშვიდობიანადაც არ უნდა მოვიქცე, მაინც მომიყენებენ მუხლს და ციხეში 6-9 წლემდე მაინც [ჩამსვამენ] ჩემი ოჯახი გადაიტანს ამას….

შემდეგი თაობის ხალხი ვინც მოვა პროტესტზე ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ისინი შეიძლება უკვე უკეთ შეიარაღებული მივიდეთ, ვიფიქროთ, რომ სჯობს იმაზე გაასამართლონ რაც ჩაიდინეს ვიდრე იმისთვის რაც არ ჩაუდენიათ…

სსკ-ის 225 მუხლს ვუსვამ ხაზს, არანაირი მტკიცებულება, ყველა მოწმე , ცალკე პროკურორმა, ცალკე ჩემმა ადვოკატმა ყველას დაუსვით შეკითხვები, არცერთ მოწმეს არანაირი მითითება , არცერთ ჩვენებაში, არცერთ შესწავლილ მასალაში, რაც პროკურატურამ წარმოადგინა – არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რომ მე რაიმე შეხება მაქვს ამ 225-ე მუხლთან ….

მგონი ერთხელაც ვთქვი, ჩემი არჩევანი რომ ყოფილიყო რომ შეიძლება სტრატეგიული ობიექტი დამეკავებინა, ამას მსოფლიოში საუკეთესო მომღერალთან ერთად არ გავაკეთებდი-მეთქი… როცა ვუყურებ ქვეყანაში, სადაც 350 ათასი ადამიანი სოციალურად ძალიან გაჭირვებულია , მშიერია უბრალოდ, დღეში ლარ-ნახევარს უხდიან და იმასაც პარავენ, ვინმემ არ [გაიგოს] ციხეში საჭმელი მნიშვნელოვნად გამოსწორდა და ვინმემ ამ ხალხს არ გააგებინოს, ამ გაჭირვებულ ხალხს, ციხეში კარგად აჭმევენო, დანაშაული არ ჩაიდინონ …

მე საკანში ყოფნა მიწევს სინდისის პატიმრებთან, ახალგაზრდებთან ერთად და ისინი წერილებს იღებენ, მე წერილის მიღება აკრძალული მაქვს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შემომივიდა წერილი… ხელს აწერს როგორც რიგითი აკაცუკი, მართალი გითხრათ არ ვიცოდი ბატონო მოსამართლე , მეგონა „ქოცების“ მოგონილი დამამცირებელი სიტყვა, მერე ამ ბიჭებმა ამიხსნეს აკაცუკები ვინ არიან, ესენი არიან ფანტაზიური გმირები არიან. ამიხსნეს სერიალი ყოფილა, „ნარუტო“ და „აკაცუკები“ ბოროტებას ებრძვიან. მართალი გითხრათ, მეც ვარ „აკაცუკი“, არ მაქვს პრობლემა.

დღეს ჩვენი სასამართლოა, რეალურად ეს ამ ქვეყნის სასამართლოა, რამეთუ გამოჩნდება ის კი არა რა დასკვნას გამოიტანს [სასამართლო], არამედ რამდენად დაშინდება საქართველოს მოსახლეობა, რამდენად გააგრძელებს ბრძოლას და რამდენად მიიყვანს ამ პროცესს ღირსეულ მშვიდონიან გამარჯვებამდე. მაგრამ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები შეიცავს რისკებს, რომ შეიძლება უკვე შემდეგი საპროტესტო აქციები აღარ იყოს ასეთი მშვიდობიანი…“

ამ საქმეში ბრალდებულები არიან: მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე, თორნიკე მჭედლიშვილი.