პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის წერილი მისწერა.
პაპუაშვილი ჰერჩინსკის ევროპის დღეს ულოცავს და სწერს, რომ ამ დღეს სიმბოლური აღნიშვნის გარდა უნდა დაფიქრდნენ, რეალურად რა არის ევროპა და როგორ განაპირობებს ის საქართველოს მომავალს.
„რობერ შუმანმა, ევროკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამამ და დიდმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ, მისი ისტორიული განცხადება სწორედ ამ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მეხუთე წლისთავზე, გააკეთა. „შუმანის დეკლარაციას“ საფუძვლად ედო ერთი უმთავრესი მიზანი: უზრუნველეყო, რომ ომს აღარასოდეს გაენადგურებინა ევროპა. დეკლარაციის სულისკვეთება მკაფიო იყო – მშვიდობა ერთიანობით, თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით და სტაბილურობა პასუხისმგებლობის გაზიარებით. ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკაც სწორედ ამ ხედვის ფონზე უნდა შეფასდეს.
რობერ შუმანისგან განსხვავებით, გასულ წელს, ევროპის დღეს, ქართველი ხალხისადმი თქვენს მიმართვაში, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა და, სანაცვლოდ, აქცენტი გააკეთეთ თქვენს პოლიტიკურ პრეტენზიებზე მასპინძელი ქვეყნის მიმართ. თუმცა, ალბათ ღირს შეხსენებად, რომ არა, სხვა ანტიფაშისტურ ერებთან ერთად, ქართველი ხალხის დღევანდელი თაობების მშობლები და პაპა-ბებიები, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც ამ ომში მსხვერპლი არ გაიღო.
ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ 9 მაისს, თქვენს შეკრებაზე, სათანადო პატივს მიაგებთ 300,000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო ფაშიზმისაგან თავისუფალი ევროპისათვის“, – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა ვერ იაზრებს შუმანის დეკლარაციის ფუძემდებლურ დასკვნას. პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოების გაზრდისკენ. ამ კონტექსტში ის ახსენებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს, „პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების მუქარებს“, „საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივ ჩარევას“.
„ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება“, – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების დაწესების მცდელობა ვიწრო, უშედეგო და ზედაპირული პოლიტიკის მაგალითია.
„ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც. ევროპული ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ბრიუსელის ერთპიროვნულ ბატონობას საქართველოზე, არამედ ის უნდა იყოს სხვა ევროპულ ერებთან ჩვენი ისტორიული კავშირების ჭეშმარიტი განმტკიცება, როგორც თანასწორი თანასწორთან…
[…] საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული უკანასკნელი მიუღებელი და ჩვენი ხალხის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები, თითქოს ქვეყანა „ბნელ წარსულს“ უბრუნდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად არასწორია ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა. თუმცა რეალობას ქართველი ხალხის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ.
საქართველოს აქვს სამომავლო გზის მკაფიო შეთავაზება. აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება არის ის, რაც გახსნიდა გზას ნამდვილი დიალოგისთვის, გონივრულობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არის კიდეც ევროპის დღის თავდაპირველი სულისკვეთება.
თუ გვინდა, რომ ევროპის დღემ შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ ის კვლავ უნდა ნიშნავდეს იმას, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა – მშვიდობას, თანამშრომლობას და ერთიანობას, დაფუძნებულს ერების და მათი იდენტობის პატივისცემაზე“, – წერს პაპუაშვილი.