ავტორი: ნეიტ ოსტილერი
აზერბაიჯანში აღშფოთება გამოიწვია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს მიერ მთიანი ყარაბაღისა და რეგიონში სომხური ეკლესიების განადგურების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ.
ბაროს კომენტარებს, რომლებიც ეხებოდა „თანმიმდევრულ ცნობებს ქრისტიანული მემკვიდრეობის ორმოცამდე ძეგლის დაზიანების თუ გაქრობის შესახებ 2021 წლიდან დღემდე“, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიხან ჰაჯიზადამ „ანტიაზერბაიჯანულ ბრალდებები“ უწოდა.
6 მაისს საფრანგეთის სენატში გამართულ სესიაზე ფრანგმა დეპუტატმა, ეტიენ ბლანმა ბაროს მთიანი ყარაბაღის შესახებ ჰკითხა – მისი კითხვა ეხებოდა ინფორმაციას, რომ „აზერბაიჯანი იქ ანადგურებს წინაპართა კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობას“. დეპუტატმა ასევე აზერბაიჯანში დაკავებული 19 სომეხი ტყვის ბედზე, რომლებიც მთიანი ყარაბაღიდან არიან.
„როგორია საფრანგეთის დიპლომატიური პოზიცია?“ — ჰკითხა ბლანმა ბაროს.
პასუხად ბარომ განაცხადა:
„ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილნი, დავიცვათ ქრისტიანების ინტერესები აღმოსავლეთში ყოველთვის, როდესაც მათი რელიგიის თავისუფლებას ან მათ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება“.
დაზიანებული ან განადგურებული „ორმოცი ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ ხსენებასთან ერთად ჟან ნოელ ბარომ ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას, რომლებიც რეგიონში ქრისტიანული ძეგლების მდგომარეობის აღწერას ისახავს მიზნად.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ის განწყობა, რომელიც ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერევანში გააჟღერა:
„რვა წლის წინ სომხეთი რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. [პრემიერ-მინისტრ] ნიკოლ ფაშინიანის მშვიდობიანი რევოლუციის წყალობით კორუფცია შეიზღუდა, ჩამოყალიბდა ახალი ალიანსები და გადაიდგა ნაბიჯი ევროპისკენ“.
აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ბაროს პასუხის პირველი ნაწილი, ისევე როგორც ტერმინ „მთიანი ყარაბაღის“ გამოყენება „ყარაბაღის“ ნაცვლად.
აიხან ჰაჯიზადამ განაცხადა:
„იმ დროს, როდესაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის პირობები შეიქმნა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სამართლიანი ომი აწარმოა თავის სუვერენულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ფარგლებში, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ფრანგული მხარის ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს მის ტერიტორიებზე, ასევე, ეჭვი შეაქვს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვის საკითხში.
ეს არის ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უგულებელყოფს სომხეთის ოკუპაციის დროს აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ასობით მეჩეთისა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას, კომენტარს აკეთებს ოკუპაციის პერიოდით დათარიღებული გარკვეული ნაგებობების დემონტაჟზე და შეუსაბამო მითითებებს აკეთებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე“.
ჰაჯიზადამ ასევე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებზე მდებარე ისტორიული და რელიგიური ძეგლები მათ ეროვნულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და დაცულია, მიუხედავად მათი წარმოშობისა, რელიგიური თუ სეკულარული კუთვნილებისა“.
აპრილში გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზერბაიჯანმა რეგიონში სომხური ეკლესია გაანადგურა.
ჰოლანდიის, ბელგიისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა სამმა სხვა ბოლოდროინდელმა რეზოლუციამ მსგავსი ფორმულირებებით ასევე გამოიწვია აზერბაიჯანის აღშფოთება. რეზოლუციის გამო აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან კავშირიც კი გაწყვიტა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტების ან პოლიტიკური პოზიციების განხილვისას OC Media არ იყენებს ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.