ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს:
- კანონპროექტი სპეციალიზებული მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვის მოხსნას ითვალისწინებს;
- ასევე, ამავე პროექტით კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, შეისწავლოს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და პირდაპირი ან არაპირდაპირი დამფინანსებლის საბანკო ინფორმაცია;
- ასევე დგინდება მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის მექანიზმი.
კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
გორდულაძის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება იმ მოტივით აიკრძალა, რომ „თანხას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ინტერესი და გარე ინტერესით საზოგადოების აზრის ფორმირება არ უნდა მოხდეს“. მისი თქმით, სპეციალიზებული მაუწყებლები, რომლებსაც არ აქვთ საინფორმაციო ბადე, ნაკლებ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე:
„გამომდინარე იქიდან, რომ საინფორმაციო ბადეები არ აქვთ, სპეციალიზებულ მაუწყებელს ნაკლები შანსი არის იმისათვის, რომ მათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და შესაბამისად, გარედან მიღებული თანხების ინტერესების გატარების გზით საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გავლენა ჰქონდეთ. ამიტომ გთავაზობთ, რომ სპეციალიზებული მაუწყებლების გარედან დაფინანსება იყოს შესაძლებელი, ანუ იმ მაუწყებლებისა, რომლებსაც არ აქვთ საინფორმაციო პროგრამები, საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამები“, – განაცხადა გორდულაძემ.
რაც შეეხება მეორე ცვლილებას, რომელიც უკანონოდ მიღებული დაფინანსების ბიუჯეტში ჩარიცხვას გულისხმობს, გორდულაძემ მაგალითად მოიყვანა ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმე.
2026 წლის 29 იანვარს „კომუნიკაციების კომისიამ“ „ფორმულა“ პოლიტიკური პარტიისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების საბაბით წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის განცხადებით, მაუწყებელმა 2025 წლის აგვისტოში „ფორმულა მულტიმედიასგან“ 451 000 ლარი მიიღო, რომელსაც თავის მხრივ, 540 000 ლარი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს მიღებული.
გორდულაძის თქმით, „ფორმულას“ პასუხისმგებლობა კი დაეკისრა, თუმცა უკანონოდ მიღებული თანხა ისევ ტელეკომპანიაში დარჩა. მისი თქმით, სანქცია ეფექტურად აღსრულდება, თუ ეს თანხა ბიუჯეტში გადაირიცხება.
„გავიხსენოთ პრაქტიკულ გამოწვევაც, მაგალითად, ერთ-ერთი მაუწყებელი და იგულისხმება „ფორმულა“, ამ შემთხვევაში დადასტურებული ფაქტია, გადაწყვეტილება არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, 2026 წლის იანვარში. 2025 წელს მან დაფინანსება მიიღო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისგან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით და, შესაბამისად, მას პასუხისმგებლობა დაეკისრა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან, ეს არის პირველ ჯერზე გაფრთხილება, მაგრამ ეს თანხა, ანუ უკანონო დაფინანსება ისევ და ისევ დარჩა „ფორმულაში“.
არადა, პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა წელს მიღებული ცვლილება არ არის, ეს არაერთი წელია, არის აკრძალული, შეიძლება, რამდენიმე ათეულიც კი.
იმისათვის, რომ სანქციას ჰქონდეს ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, გთავაზობთ, რომ როგორც პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში არის, რომ უკანონოდ მიღებული თანხები მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ანალოგიურად მაუწყებლის შემთხვევაშიც მოხდეს“, – განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძემ ასევე ისაუბრა მესამე ცვლილებაზეც, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ბაკებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას ანიჭებს:
„მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი დამფინანსებლის, ანუ თუ უცხოური დაფინანსება არის, ამ ინფორმაციის გამოთხოვა, მოქმედ კანონში წერია, რომ არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს ბრძანებით, და გთავაზობთ, რომ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დაფინანსების, დამფინანსებლის შესახებ ინფორმაციაც, ისევ და ისევ მხოლოდ სასამართლო კონტროლის ფარგლებში იყოს შესაძლებელი, რომ გამოითხოვოს კომუნიკაციების კომისიამ, მაგალითად, ბანკებისგან ან სხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან“, – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, გავრცელდება თუ არა ეს ცვლილებები ციფრულ პლატფორმებზე, მაგალითად, YouTube-ზე ვისაც აქვს პოდკასტი, გორდულაძე ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი არეგულირებს ტელემაუწყებლებს და ამ მაუწყებლების სოციალურ ქსელებს.
„სოციალურ ქსელებზე საერთოდ მაუწყებლობის შესახებ კანონი არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, მაგალითად, ეს არის კონკრეტული მედიის, ანუ მაუწყებლის, რომელსაც მაუწყებლის შესაბამისი ოფიციალური არხი და მისი სოციალური ქსელია.
როგორც, მაგალითად, სიძულვილის ენა უკვე წლებია აკრძალულია მაუწყებლისათვის, ასევე აკრძალული არის მის სოციალურ ქსელშიც სიძულვილის ენის გავრცელება. ზუსტად იგივე მოცემულობა არის ამ შემთხვევაშიც. ანუ, ახალი ამ კუთხით არაფერი რეგულირება არ შემოდის“, – განაცხადა გორდულაძემ.
„ქართულ ოცნებას” „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები კვლავ შეაქვს. შოთა ბერეკაშვილის, არჩილ გორდულაძის, ანტონ ობოლაშვილისა და გიორგი ბარვენაშვილის ავტორობით მომზადებული პროექტი პირობითად სამ საკითხს ეხება:
სპეციალიზებულ მაუწყებლებს დაფინანსების მიღების შეზღუდვა ეხსნებათ
წარმოდგენილი ცვლილებებით, მაუწყებლის მიერ „უცხოური ძალისგან” პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვა მოეხსნებათ სპეციალიზებულ მაუწყებლებს, რომლებიც ძირითადად ერთი თემატიკის პროგრამებით (სპორტული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი) მაუწყებლობენ. შესაბამისად, კანონში, ცვლილებების მიღების შემდეგ, ამგვარი ჩანაწერი იქნება:
„აკრძალულია მაუწყებლის (გარდა სპეციალიზებული მაუწყებლისა) მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა,).
ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის (გარდა სპეციალიზებული მაუწყებლისა) მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა,) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”, – ვკითხულობთ პროექტში.
გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასამართლო კონტროლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება იმ პირთა გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რომლებიც შესაძლოა, არაპირდაპირი გზით აფინანსებდნენ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს.
„კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისგან გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდოს:
- ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ,
- მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულების თაობაზე,
- აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია,
- ასევე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის და მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დამფინანსებელი პირის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია (საბანკო საიდუმლოება)”, – წერია პროექტში.
ცვლილებების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის კომისიისთვის მიუწოდებლობის ან არასრულად მიწოდების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვოს კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
„აკრძალული” დაფინანსების ბიუჯეტში ჩარიცხვა
კანონპროექტით ასევე დგინდება მაუწყებლის მიერ აკრძალული დაფინანსების მიღების შემთხვევაში მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის მექანიზმი.
კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული უკანონო დაფინანსების მიღება – გამოიწვევს კომისიის მიერ მაუწყებლისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად ამ დაფინანსების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას. კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.