კობახიძე: გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია აშშ-სთან და ეს გვინარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ურთიერთობების გადატვირთვა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რამდენიმე კომუნიკაცია, მათ შორის, მისი საუბარი მარკო რუბიოსთან, ხელისუფლებას უნარჩუნებს რწმენას, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება სომხეთში მარკო რუბიოს ვიზიტის შესახებ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „რატომ არ არის საქართველო ამ ყველაფრის ნაწილი და თქვენ ხედავთ თუ არა ამ ყველაფერში პრობლემას?“ – ამ კითხვაზე კობახიძემ თქვა:

„ჩვენ თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს პირველ რიგში საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რაზეც ძალიან ნერვიულობს ოპოზიცია, გვქონდა რამდენიმე კომუნიკაცია, მე მქონდა კომუნიკაცია ბატონ რუბიოსთან და ეს ყველაფერი გვინარჩუნებს რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. დანარჩენი დაველოდოთ მშვიდად მოვლენების განვითარებას.

ოპოზიცია ნერვიულობს დადებით ტენდენციებზე და ჩვენ გვიხარია დადებითი ტენდენციები“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პეტერ ანდრეოლის ვიზიტთან დაკავშირებითაც უპასუხა შეკითხვას. პეტერ ანდრეოლი საქართველოში მარტშიც იმყოფებოდა. ამ ვიზიტის დროს ის ანაკლიაში ჩავიდა და პორტის განვითარების გეგმას გაეცნო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამოხატა თუ არა ამერიკამ ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ და ელოდებიან თუ არა ანდრეოლის მხრიდან ამაზე საუბარს, კობახიძემ თქვა:

„პეტერ ანდრეოლის ვიზიტის ფარგლებში გვქნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, დაველოდებით მათ პოზიციას ყველა საკითხზე.

ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, ხელი გაწვდილია ჩვენი მხრიდან, ვაცხადებთ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა. ჩვენ ამაზე თავიდანვე გამოვხატეთ მკაფიო პოზიცია, ველოდებოდით ამერიკული მხარის პოზიციას, მოხარული ვარ, რომ ბოლო დროს არის დადებითი ტენდენციები, დანარჩენს დაველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთში ჩავა. სომხეთის საგარეო უწყების განცხადებით, ის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდება.  მოსალოდნელია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. აშშ-ის საელჩოდან „პუბლიკას“ მოგვწერეს, რომ ვიზიტი 24 მასს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სახდეპის წარმომადგენლები ხვდებიან მთავრობის, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე სასულიერო პირებს.

„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე დასაყენებლად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის წერილში.

პეტერ ანდრეოლი საქართველოში მარტშიც იმყოფებოდა.