„კონკრეტულ რეგიონში რაღაც თუ ხდემა სისტემატურად, თუ არის რეციდივი, განმეორება და ა.შ. მაშინ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს, მაგრამ ვინაიდან ეს იყო ერთი ინციდენტი, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, წესით, რეგიონის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე. ეს არის შესაბამისი უწყების საქმე“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა გორში, სამართალდამცველების მხრიდან ორ მოქალაქეზე მომხდარი ძალადობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
„ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება. ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე. არც ერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რასაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას,“- განაცხადა კობახიძემ.
2026 წლის 27 მაისს qartli.ge-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გაუსწორდა ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს – პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს.
ჯგუფური ძალადობის შედეგად დაზარალებულს ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებები აღენიშნება სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების, ზედაპირული თავის ტრავმისა და სხივ-მაჯის სახსრის დაჟეჟილობის სახით.
პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარი ლაშა აბისონაშვილიც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.
28 მაისს პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შემდეგ 6 პოლიციელი დააკავა. პროკურატურის ცნობით, 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.
შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ გორში „შეაჩერეს მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“.