ბსუ-ს პროფესორის მხრიდან აქტივისტების შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის,ბსუ-ს პროფესორის მხრიდან აქტივისტების შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ნანი გვარიშვილის მხრიდან აქტივისტების შეურაცხყოფის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

​გუშინ, 28 მაისს, აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა ბათუმში ხელმოწერებს აგროვებდნენ პეტიციაზე „მიეცი წამალი ბავშვებს“ – პეტიციით ხელმომწერები დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შემოტანას მოითხოვენ.

როგორც თაკო სურმანიძემ ადგილობრივ მედიას – „ბათუმელებს“ უამბო, უნივერსიტეტთან განსაკუთრებული აქტივობა დაფიქსირდა და დაახლოებით 40 წუთში 300-მდე ხელმოწერა შეგროვდა.

ამ დროს გამოვიდა უნივერსიტეტიდან პროფესორი, ნანი გვარიშვილი მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად და მას „თითის ქნევით დამიწყო ჭკუის სწავლება და ყვირილი“ და უთხრა, რომ „სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის, ვინ უნდა დააფინანსოს“.

„ბათუმელების“ ცნობით, ამ საქმეზე იმსჯელებს ბსუ-ს ეთიკის საბჭოც.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე 100-მდე ბავშვია.

მშობლები მოითხოვენ, სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და დაავადების პროგრესირებას ანელებს.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის წამლების კვლევა დასრულებული არ არის და მათი გამოყენება სარისკოა.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ წამლები უბრალოდ გადაავადებენ ბავშვების ეტლის გამოყენების საჭიროებას და ხაზს უსვამს რისკებს, რომლებიც თან ახლავს წამლების გამოყენებას.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მედიკამენტების შესაძენი ფული გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხიდან უნდა გამოიყოს და მთავრობა პასუხისმგებელია, ხალხის ფული რაციონალურად დაიხარჯოს“.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ აქციას მართავენ და თითქმის ერთი თვეა, ღამეებსაც ათენებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დიუშენით დაავადებული ბავშვების საჭიროებებისთვის 100-საათიანი მარათონი მოაწყვეს და 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეაგროვეს.

რაც შეეხება პეტიციას – მას აგროვებენ როგორც სხვადასხვა ქალაქის ქუჩაში, ისე ონლაინ. 29 მაისის მდგომარეობით ონლაინ პეტიციას 106 ათასი ხელმოწერა აქვს.