„2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პერიოდის მაჩვენებლებსაც გადააჭარბა“, – სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს იურისტი მერაბ (ბიკო) ქართველიშვილი ავრცელებს.
როგორც ის წერს, 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ იზრდება პატიმრობის გამოყენება, მატულობს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა, ციხეები თითქმის სრულად არის შევსებული, ხოლო საპროცესო შეთანხმებები სასამართლო სისტემის დომინანტურ მექანიზმად იქცა.
ქართველიშვილი მიგნებების სახით წერს, რომ:
- პატიმრობა უკვე საქმეების 60%-ზე მეტში გამოიყენება;
- ციხეებში თითქმის 12 000 ადამიანი იმყოფება და თავისუფალი ადგილების რაოდენობა 400-ზე ნაკლებია;
- 2024 წელთან შედარებით ბრალდებულთა რაოდენობა 64%-ით გაიზარდა;
- დასრულებული საქმეების 90%-ზე მეტი საპროცესო შეთანხმებით სრულდება.
გთავაზობთ მის მიერ გაანალიზებულ მონაცემებს უცვლელად:

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობების გამოყენების მაჩვენებელი შემაშფოთებლად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს, თუკი მანამდე მისი გამოყენება – საქმეების მესამედში, შემდგომ კი ცოტა მეტ შემთხვევაში ხდებოდა, 2025 წლის მეორე ნახევრიდან 50%-ს აჭარბებს. 2026 წელის კვარტალური მონაცემებით კი აჭარბებს 60%-საც კი.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პატიმართა რაოდენობა ციხეში ყოველთვიურად ხსნის საკუთარ რეკორდს – უკვე 12 000 პატიმრამდე გვყავს. არსებული მონაცემებით კი საქართველოში საპატიმროებში სულ 12 332 ადგილია, დარჩა 383 ადგილი. თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, სავარაუდოდ, ციხეების გადატვირთვა მოხდება მაქსიმუმ 2 თვეში. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ პატიმართა რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო რეკორდულად მაღალი და 2011 წელს 23 684 შეადგენდა.

ამასთანავე, მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს ბრალდებულთა (ანუ ვის მიმართაც სასამართლოს განაჩენი არ გამოტანილა) რაოდენობა საპატიმროებში. 2024 წელთან შედარებით 64%-ით გაზრდილია ბრალდებულთა საერთო რაოდენობა ციხეებში.

რაც შეეხება მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობას, ეს სტატისტიკა 2001 წლიდან ითვლება და 2025 წელი იყო სარეკორდო. მსჯავრი დაედო 2025 წელს 22 000-ზე მეტ ადამიანს, ანუ 2025 წელს გასამართლდა 22 000-ზე მეტი ადამიანი. არ უნდა აგვერიოს პატიმართა რაოდენობაში, რადგან აქ შედიან ზოგადად გასამართლებული პირები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ტიპის სასჯელი – იქნება ეს პირობითი მსჯავრი, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა თუ ასე შემდეგ. თუმცა, ცხადია, საგანგაშოა ის მონაცემები, რომ უკვე ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდის მონაცემებსაც კი გადაასწრო 2025-მა წელმა და 2026 წლის პროეცირებას თუ გავაკეთებთ, კვარტალური მონაცემების გასაშუალოებით, მივიღებთ, რომ ამ ტემპებით, 2026 წელს – 25 000-ზე მეტი მსჯავრდებული ეყოლება ქვეყანას.

მკვეთრად არის გაზრდილი საპროცესო შეთანხმებების წილი მთლიანად საქმეების გადაწყვეტაში, როგორც ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზევე, ისე ზოგადად. თუკი ადრე პირველ სხდომაზე საქმეების 40% წყდებოდა საპროცესო შეთანხმებებით, 2025 წელს ეს რაოდენობა აჭარბებდა 50%-ს და 2026 წლის პირველი კვარტალური მონაცემებით საერთოდ ასცდა 60%-საც კი. რაც შეეხება ზოგადად, საპროცესო შეთანხმებების წილს მთლიანად დასრულებულ საქმეებში, მანამდე საპროცესო შეთანხმებები იდებოდა საშუალოდ საქმეების 60-80%-ის შემთხვევებში, 2026 წლის სამი თვის მონაცემებით კი ეს რაოდენობა აჭარბებს 90%-ს.

კიდევ ერთი საყურადღებო მონაცემი არის, რამდენად იყენებს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს სახელმწიფო. აქაც ვნახავთ, რომ 2025 წელს კატასტროფულად არის შემცირებული ეს მექანიზმი, თუმცა ზოგადად კლების ტენდენციაც ბოლო წლებში მკვეთრად შესამჩნევია. 2026 წლის 4 თვის მონაცემების პროექციას თუ გავაკეთებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს დაახლოებით 2024 წლის მონაცემების სურათს მივიღებთ”, – წერს ქართველიშვილი და ინფოგრაფიკებს ავრცელებს.

