უნგრეთმა მოხსნა ვეტო, რომლითაც ის უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრებას ბლოკავდა – პეტერ მადიარის ახალმა მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, „დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკებები უკრაინისა და მეზობელი მოლდოვის გაწევრების შესახებ“. ინფორმაცია Financial Times-მა გაავრცელა.
გუშინ, 3 ივნისს Coreper II-ის ფორმატში ევროკავშირის ელჩების შეხვედრის დღის წესრიგს უკრაინის და მოლდოვის გაწევრების საკითხი დაემატა, დღის ბოლოს კი კვიპროსის თავმჯდომარეობამ განაცხადა, რომ რომ დაიწყო უკრაინისა და მოლდოვის გაწევრების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის მზადების პროცესი.
„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის ერთიანობისა და სიმტკიცის ძლიერ სიგნალს აგზავნის“, – განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობამ. კვიპროსი ამჟამად არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა როტაციის წესით.
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს კიევის გაწევრების პროცესს „უკრაინასთან ყოვლისმომცველი შეთანხმების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში უნგრული უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას“.
15 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართება ორი მთავრობათაშორისი კონფერენცია – ცალ-ცალკე უკრაინისა და ერთი მოლდოვისთვის.
ხოლო საკითხი საბოლოოდ 18 ივნისს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე დამტკიცდება და შესაბამისად, პირველი კლასტერიც გაიხსნება.
მოსალოდნელია, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 18 ივნისს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე დამტკიცდება და შესაბამისად, პირველი კლასტერიც გაიხსნება.
ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები დაყოფილია ექვს სხვადასხვა ე.წ. კლასტერად, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობის სფეროებს ან „თავებს“ ფართო თემატურ პოლიტიკურ მიმართულებებად აჯგუფებს.
თითოეული კლასტერის გახსნას ევროკავშირის 27-ვე მთავრობის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. ამასთან, ვეტოს უფლებამ შესაძლოა, შეაჩეროს მოლაპარაკებების პროგრესი, თუ მიიჩნევა, რომ კანდიდატი ქვეყნები რეფორმების გზიდან უხვევენ.
მოლაპარაკებებში პირველი ასეთი „კლასტერი“ ეხება ევროკავშირის ფუნდამენტურ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი იხსნება, ბოლოა, რომელიც იხურება.
უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭათ, რის შედეგადაც ამ ორი ქვეყნის განაცხადები ერთმანეთთან „დაწყვილდა“. 2025 წლის იანვარში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია გაწევრებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რათა ორივე ქვეყანას ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსულიყო, თუმცა ეს ნაბიჯი უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.
მიუხედავად იმისა, რომ გაწევრებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად ამ დრომდე არ გახსნილა, უკვე მრავალი თვეა, უკრაინა და მოლდოვა დგამენ ნაბიჯებს მოლაპარაკებების კლასტერებით გათვალისწინებული რეფორმების გასატარებლად.
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების პროცესს. მის ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მცირე მასშტაბით, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება.
„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ესხმის თავს ევროკავშირს, მის ლიდერებს, ასევე წევრი ქვეყნების ლიდერებს და ელჩებს.