საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია – ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ“ ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით გაავრცელა.
„რადიო თავისუფლება“ Intelligence Online-ზე დაყრდნობით წერს, რომ აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ყოფილი თანამოაზრის“ დაკავება.
5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური.
სამთავრობო მედიებმა თქვეს, რომ „უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა“. 8 მაისს კი მამუკა მდინარაძემ მიანიშნა, რომ „ერთ-ერთ დაკავებული ევროპული ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული და დააზუსტა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყანაა“.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.
Inteligence Online-ს მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.
8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ „ევროპის რამდენიმე ქვეყანას“ სთხოვა, „გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინიშნებებს გააკეთებენ.
„მინდა, ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ დღეს ჩვენს სპეცსამსახურებს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
ვთხოვოთ, გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ საკმარისი უნდა იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ 8 მაისს.
1 ივნისს კი ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანის – გულბაათ რცხილაძისა და ირაკლი ჩიხლაძის დაკავებიდან 2 დღის შემდეგ – პრესკონფერენციაზე მდინარაძემ ირიბად დაადასტურა, რომ საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით საფრანგეთის, რუსეთისა და ირანის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები არიან დაკავებული.
მისივე თქმით, სუსმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც „არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ამ მიმართულებით“.
მან ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სავარაუდოდ, ირაკლი ჩიხლაძის დაკავებაზეც და თქვა შემდეგი რამ:
„ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში მხილებულია მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.
ბრალდების მიხედვით, აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. „სპეცსამსახურის რეზიდენტს“ წარმოადგენდა, რომლის სასარგებლოდაც სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული“.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა საქმეები გრიფით საიდუმლოა და მათი განხილვა სასამართლოში სრულად დახურულია. საქმის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა. გაუთქმელობის შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი ადვოკატებსაც.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი ბრალს არ აღიარებს.
1 ივნისს მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ „პუბლიკამ“ შეკითხვებით მიმართა საფრანგეთის საელჩოს. მათგან პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.