სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია „ქართუს“ პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი უძილაური

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გიორგი უძილაურია.

ინფორმაცია თავდაპირველად სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა, „პუბლიკას“ კი ინფორმაცია სუსში დაუდასტურეს.

„რუსთავი 2“ ამბობს იმასაც, რომ „უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა“.

გიორგი უძილაური 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილთან მუშაოდა. კერძოდ, 2016 წლის მარტიდან ის იყო „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 5 მაისს განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საჯარო მოხელე, რომელიც „ერთ-ერთ უწყებაში მაღალ თანამდებობაზე იყო დასაქმებული“. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო.

უწყების განცხადებით, დაკავებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით სისტემურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სუსის ცნობით, იგი ამ საქმიანობაში იყენებდა როგორც საკუთარ სამსახურებრივ პოზიციას, ისე წარსულ კავშირებს, ხოლო უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსპირაციულ კომუნიკაციას დაშიფრული არხებით ამყარებდა და ინფორმაციას აწვდიდა პირისპირ ან ელექტრონულად.

ასევე, გამოძიება მიუთითებს, რომ ბრალდებული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომელთა მიზანიც მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და მათი მეშვეობით რეგიონის ქვეყნებზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვება იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს და 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.