ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქმის მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ საქმეზე შემდგომი პროცესები კვირაში ორჯერ ჩანიშნა, აქამდე საქმეზე სხდომა თვეში ერთხელ ტარდებოდა.
„საბრალო რუსო ქოცნო! ახლა კარგად მომისმინეთ!
1) ყოველთვის, შესაძლებლობის მიხედვით, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი – ლაზერიც, გენერატორიც თავისი ბენზინით, პარალონიც, პლედიც და პუფიც. არაძალადობრივს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვენი მეშინია, უბრალოდ ჩვენ ორს შორის, მოძალადე თქვენ ხართ, მე კი, სწორედ ძალადობას ვებრძვი. და იმით, რომ ლაზერს და ფეიერვერკს ჩაძაბული ხმით იტყვით, ის ძალადობრივი ნივთი ვერ გახდება და ყოველთვის მექნება, როცა საჭირო იქნება. ასევე, ყველა მოძალადე – პოლიციელად წოდებული – ძალადობაზე მიიღებს პასუხს, როგორიც ჩემგან არაერთხელ მიუღიათ. ჰკითხეთ მემანიშვილს, თელავის პოლიციას, პოზნერის ელარჯის მცველებს და ა.შ.
2)ასევე, 2022 წლიდან ვმუშაობდი, ვმუშაობ და ვიმუშავებ მოღალატე რუსების დასანქცირებაზე. ამაზე ვთანამშრომლობდი უკრაინასთანაც, ბრიტანეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც. ვამაყობ ამ საქმით და თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს. მგონი, გასაგებად ავხსენი.
P.S. იმ ქალსაც გადაეცით ეს, მანტია რომ ჩამოაცვით და მოსამართლედ გვასაღებთ. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე.“
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო.
ბრალდების მიხედვით, ელენე ხოშტარია „სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.“
ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. რაც 7 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.